ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციის “ქართულ-აფხაზური” პროექტი დახურეს

13 მაისი, 2022 • 2514
აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციის “ქართულ-აფხაზური” პროექტი დახურეს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს ცნობით,  საგარეო უწყებამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სათავეში ჩაუდგა კრემლთან დაახლოებული ინალ არძინბა, დე ფაქტო უშიშროების სამსახურთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციის “ქართულ-აფხაზური” პროექტი გამოავლინა და დახურა.

საუბარია საერთაშორისო ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”/ Stop Hunger-ის ერთ-ერთი პროექტზე, რომელიც აფხაზური მხარის ცნობით, ითვალისწინებდა აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დიალოგს მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების გზით.

“მსგავსი ინიციატივები ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისკენ. სამინისტრო მომავალშიც აღკვეთს იმ პროექტებს, რომლებიც მოემსახურება საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკის მიზნებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან გამჭვირვალობის პრინციპი და ჰუმანიტარული მიზნების ფარგლებში იმუშაონ”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ პოსტზე დანიშვნიდან [2021 წლის 17 ნოემბერი] რამდენიმე დღეში აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაეროს განვითარების პროგრამა] შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.

ამასთან, ინალ არძინბა აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური პროექტები “საქართველოს სპეცსამსახურების მიზნებს” ემსახურება.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი