ახალი ამბები

Credit Suisse ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

11 მაისი, 2022 • 1365
Credit Suisse ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-მა 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.

განცხადების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.

„CS Victims-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყვანილია უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც არაა კავშირში ბერმუდის სასამართლო პროცესთან ან CSAG-ისთვის მინდობილ აქტივებთან“, — ნათქვამია Credit Suisse-ის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ მოკლე წერილობით პასუხში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.

მანამდე, სხვა საქმის ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი ედავებოდა და ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის, Credit Suisse AG-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ და სასამართლომ დააკისრა 550 მილიონ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურება დაზარალებულთათვის. კიდევ ერთი პროცესი მიმდინარე წლის სექტემბერში სინგაპურში გაიმართება.

დღეს, 11 მაისს ივანიშვილის ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერის მეორე დავა პირველთან კავშირში არაა, ანუ “შეფერხებული გადარიცხვები” ზემოხსენებული 500-მილიონიანი საქმის ნაწილი არაა და სრულიად “განყენებულ აქტივებს ეხება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ივანიშვილი Credit Suisse-თან $100 000-ის ზიანზე დავობს

მასალების გადაბეჭდვის წესი