საზოგადოება

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ივანიშვილი Credit Suisse-თან $100 000-ის ზიანზე დავობს

11 მაისი, 2022 • 1780
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ივანიშვილი Credit Suisse-თან $100 000-ის ზიანზე დავობს

ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” დაწყებულ რიგით მეორე დავასთან დაკავშირებით ნეტგაზეთისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-მა 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.

განცხადების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.

ამის გამო ივანიშვილი ბანკთან უკვე მეორე დავას იწყებს.

მანამდე, სხვა საქმის ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი ედავებოდა და ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის, Credit Suisse AG-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ და სასამართლომ დააკისრა 550 მილიონ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურება დაზარალებულთათვის. კიდევ ერთი პროცესი მიმდინარე წლის სექტემბერში სინგაპურში გაიმართება.

დღეს, 11 მაისს ივანიშვილის ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერის მეორე დავა პირველთან კავშირში არაა, ანუ “შეფერხებული გადარიცხვები” ზემოხსენებული 500-მილიონიანი საქმის ნაწილი არაა და სრულიად “განყენებულ აქტივებს ეხება.

ბოლო დღეებში “შეფერხებული გადარიცხვების” საქმეზე გავრცელებული არაერთი განცხადების მიუხედავად, უცნობი დარჩა პასუხები ორ მნიშვნელოვან კითხვაზე:

  1. რა თანხის საბანკო გადარიცხვები შეაყოვნა შვეიცარიულმა ბანკმა;
  2. რა მოცულობის ზარალი მიადგა ბიძინა ივანიშვილს ამით.

ნეტგაზეთის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ივანიშვილი დავობს, რომ ტრასტის მიერ მოვალეობის შესრულების დროს ჩატარებულმა მოკვლევამ გამოიწვია მიცემული ინსტრუქციის შესრულების შეფერხება, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვა დაახლოებით 100 000-დოლარიანი ინვესტიციის შესაძლებლობის დაკარგვა. ამ დროისთვის კვლავ უცნობია იმ ოპერაციის მოცულობა, რომლის შეყოვნებაზეც ექსპრემიერი ბანკს ედავება.

ზემოხსენებული ინფორმაციის გადამოწმებას შევეცადეთ ივანიშვილის ადვოკატთან, თუმცა ვიქტორ ყიფიანმა ჯერჯერობით არ უპასუხა კითხვას, რა რაოდენობის გადარიცხვები შეუფერხა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს და რა რაოდენობის ზიანი მიადგა ამის გამო.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, ტრასტთან მიმართებაში არსებული უთანხმოება გადარიცხვებთან დაკავშირებით დღემდე არ არის აღმოფხვრილი. შედეგად,  „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ მორიგი სარჩელი ივანიშვილმა ამჯერად გერნსის იურისდიქციაში შეიტანა.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა — მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში; ასევე, გართულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.

ივანიშვილის ადვოკატი გამოვიდა მოწოდებით, ნებისმიერი შეფასება მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში გაკეთდეს, თუმცა ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თავად იყო მითითებული ბანკის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე. ასევე, საქართველოში მმართველი პარტიის წევრებმა არ გამორიცხეს, ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ივანიშვილზე ზეწოლაა.

ნეტგაზეთმა წერილობით მიმართა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-საც, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი