ახალი ამბები

თსუ-ის სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

10 მაისი, 2022 • 1029
თსუ-ის სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილსი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი აქციას მართავს და რექტორთან შეხვედრას ითხოვს.

აქციის მონაწილეები სწავლების ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას ითხოვენ, რადგანაც აცხადებენ, რომ თბილისში ბინების საგრძნობლად გაძვირების ფონზე, ქირის გადახდას და დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

სტუდენტების თქმით, თავად ლექტორებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პროფესორებს, რომელთაც თავიანთი კეთილი ნებით მოინდომეს სტუდენტების ონლაინ ჩართვა, ადმინისტრაცია ზუმის გამოყენებას უკრძალავს და მათ გასაკონტროლებლად აუდიტორიების შემოვლას გეგმავს:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააუდიტორიო სწავლება სტუდენტური პროტესტის ფონზე განახლდა. მიუხედავად ამისა, სტუდენტების უფლებებისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ! მოთხოვნები უცვლელია: განათლებაზე ხელმისაწვდომობა; ღირსეული სტუდენტური საცხოვრებლი; შიდასაუნივერსიტეტო დემოკრატია; ხარჯების გამჭვირვალობა.

გიორგი შარვაშიძე პროტესტის განმავლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა, არც ორი სტუდენტის შესაფარებლად და არც თავის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ბოდიშის მოსახდელად! დრო, რომელიც საჯარო შეხვედრის ორგანიზებისთვის მივეცით, ამოიწურა“ ,- აცხადებენ სტუდენტები.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმყოფებიან, სადაც მათ თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან, თუმცა შეხვედრაზე არ არის თავად გიორგი შარვაშიძე. სტუდენტები პროტესტს რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით აგრძელებენ.

რაც შეეხება უნივერსიტეტის პოზიციას, თსუ აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

მასალების გადაბეჭდვის წესი