ახალი ამბები

WHO-ის კვლევა: კორონავირუსს მსოფლიოში 15 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა

5 მაისი, 2022 • 1716
WHO-ის კვლევა: კორონავირუსს მსოფლიოში 15 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებით, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში 15 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, ეს 13%-ით მეტია, ვიდრე გარდაცვალების მოსალოდნელი მაჩვენებელი ორი წლის განმავლობაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნების ნაწილმა კორონავირუსის რეალური სტატისტიკა ვერ ან არ აწარმოა და ამგვარი შემთხვევები ოფიციალურად დადასტურებულ 5.4 მილიონზე გაცილებით მეტია.

BBC-ის თქმით, ინდოეთში, სადაც ოფიციალური სტატისტიკით კორონავირუსს 4.7 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რეალური მაჩვენებელი 10-ჯერ დიდია და გლობალურად კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მესამედი ინდოეთზე მოდის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ინდოეთის ხელისუფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მათი მეთოდოლოგია პრობლემურია. მიუხედავად ამისა, BBC აღნიშნავს, რომ სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმაც ანალოგიური შედეგი აჩვენა.

მეთოდოლოგია, რომელიც ამ რიცხვის დასადგენად ჯანმომ გამოიყენა, გულისხმობდა სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი სიკვდილიანობის შეფასებას პანდემიის დაწყებამდე. გამოთვლებში გათვალისწინებულია როგორც პირდაპირ კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, ირიბი გარემოების გამო დაფიქსირებული სიკვდილიანობა, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისების გადატვირთვის გამო მოქალაქეებისთვის ჰოსპოტალური სერვისების ხელმიუწვდომლობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით პირდაპირ კორონავირუსის შედეგად, ოფიციალურ 5.4 მილიონი პაციენტის მიღმა დამატებით გარდაიცვალა 9.5 მილიონი ადამიანი.

BBC-ის ცნობით, ინდოეთის გარდა, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთში, ინდონეზიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში, მექსიკასა და პერუში.

ანგარიშში გარდაცვალების მაჩვენებელი შეწონილია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასთან.

BBC აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ცოტა გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა, არის ჩინეთი, ავსტრალია, იაპონია და ნორვეგია.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მცირე მონაცემების გამო, შედეგები სპეკულაციურია აფრიკისა და სუბ-საჰარის ქვეყნების ნაწილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი