ახალი ამბები

თანამშრომლებს უთხრეს, რომ “ახალი კვირა” ეთერში აღარ დაბრუნდება — დარსალია

2 მაისი, 2022 • 1472
თანამშრომლებს უთხრეს, რომ “ახალი კვირა” ეთერში აღარ დაბრუნდება — დარსალია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, “ახალი კვირის” ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში გაასაჩივრებენ სამსახურიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას. მათ მიერ 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ მაუწყებელმა გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი — მაუწყებლიდან აპრილის ბოლოს გაათავისუფლეს. მანამდე,  მიმდინარე წლის თებერვალში, მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გადაცემაზე ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი.

საუბარი იყო ასევე ე.წ. შავი სიების შესახებ, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომელთანაც არხი არ თანამშრომლობდა/არ უთმობდა ეთერს.

“პარასკევს საღამოს სამივემ პირად ფორმატზე მივიღეთ იდენტური შეტყობინება, რომ პირველი მაისიდან აღარ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ჩვენი გადაცემის იმ თანამშრომლებს კი, ვინც არხზე რჩება… რეორგანიზაციის შემდეგ უთხრეს, რომ “ახალი კვირა” ეთერში აღარ დაბრუნდება.

ანუ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გააკეთა ის, რის გამოც 28 დეკემბერს გადაცემა რეორგანიზაციის მიზეზით გააჩერა და მე ეთერიდან მომხსნა. დადასტურდა მიზეზი — გადაცემა კრიტიკული კურსის გამო დახურეს”, — დასძინა იმედა დარსალიამ პრესკონფერენციაზე.

მისივე სიტყვებით, გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც ჟურნალისტების საჯარო განცხადებებამდეც “საქმის კურსში იყო ცენზურის მცდელობებზე, შავი სიებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ფაქტებზე”.

“გათავისუფლების მიზეზში წერია: საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება. ანუ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაგვიშვა იმ პრობლემებზე საჯაროდ საუბრის გამო, რომელთა მოგვარებაც, სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენმა გუნდმა არხის შიგნით ვერ მოახერხა, რადგან გადაცემა დახურეს.

…სამწუხაროდ, ჩვენი გათავისუფლება არის სამაგალითო სასჯელი ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს, საჯაროდ ისაუბროს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით არსებულ პრობლემებზე და გააკრიტიკოს ამ ორგანიზაციის მმართველი პირები”, — დასძინა დარსალიამ.

მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ თქვა, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტების ღირსების შემლახველი, შეურაცხყომფელი, უსაფუძვლო ჭორების გავრცელება, თითქოს ისინი პოლიტიკური გავლენებით მოქმედებენ. ჯანაძის სიტყვებით, “ეს არის აბსურდი”.

“ერთადერთი, რისი დადგენა და დამტკიცებაც გვინდა, ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლოში , ნაბიჯ-ნაბიჯ, სამართლებრივი გზით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს (სამწუხაროდ, არ ეკუთვნის), საზოგადოებას და არა ხელისუფლებასთან ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებულ რომელიმე პირს, რომელიც ამჟამად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში”, — დასძინა მან.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა ჟურნალისტმა სოფო ზედელაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომუშავე მისი ერთი-ერთი კოლეგა ზეწოლის ქვეშაა და მისი მისამართით შეურაცხყომფელი განცხადებები ისმის.

“მინდა, მოვუწოდო ამ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო საქციელით არის დაკავებული, პირველი არხის თანამშრომელს, რომ ეს შეწყვიტოს”, — დასძინა მან, სახელებისა და გვარების დასახელების გარეშე.

“ნეტგაზეთმა” სცადა, “ახალი კვირის” დახურვის შესახებ ინფორმაცია გადაემოწმებინა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან, ისე მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორთან, გიორგი გვიმრაძესთან. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რა ხდებოდა მანამდე

“ახალი კვირის” ბოლო ეპიზოდი ეთერში 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა, გუნდის მიმართ ცენზურის შესაძლო მცდელობების საკითხზე საუბარი კი მიმდინარე წლის თებერვალში, გადაცემის აწ უკვე ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას საჯარო განცხადებების შემდეგ გააქტიურდა.

დარსალიამ თქვა, რომ მიმდინარეობდა გადაცემის რეორგანიზაცია, რაც რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება იყო. მისივე ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს უთხრეს, რომ აღარ იქნებოდა “ახალი კვირის” წამყვანი.

დარსალიას ამ კომენტარების შემდეგ, გადაცემის გუნდმა ორი განცხადება გაავრცელა. ორმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა თქვეს, რომ გადაცემაში ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები, მეორე განცხადების ხელმომწერებმა კი ეს უარყვეს.

გადაცემის ზოგიერთი ჟურნალისტის ხელმოწერა ამ ორი განცხადებიდან არცერთზე არ ფიქსირდება.

მეორე მხრივ, 28 აპრილს “ნეტგაზეთში” გამოქვეყნდა ინტერვიუ გადაცემის ყოფილ ჟურნალისტთან, სოფო მთივლიშვილთან, რომელმაც დაადასტურა ცენზურის მცდელობები.

მაუწყებლის მენეჯმენტმა თებერვალში გავრცელებული განცხადებით უარყო როგორც ცენზურის მცდელობები, ისე გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია. მენეჯმენტმა თქვა, რომ არხი მაყურებელს გადაცემის განახლებულ ფორმატს შესთავაზებდა, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.

ცნობილია, რომ ცენზურის მცდელობების შესახებ აწ უკვე გათავისუფლებული ჟურნალისტების განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკვლევას ატარებს.

იმედა დარსალიას თქმით, მოკვლევა ჟურნალისტების საჯარო განცხადებებიდან თვენახევრის შემდეგ დაიწყო და “მხილებული თანამდებობის პირები დროებით, მოკვლევის დასრულებამდეც კი არ ჩამოშორებულან დაკავებული პოზიციებიდან”.

“დისკრიმინაცია და დევნა” — კოალიცია საზმაუდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი