ახალი ამბები

„ოცნების“ დეპუტატების დეზინფორმაცია ბორჯომის გაყიდვაზე

29 აპრილი, 2022 • 6349
„ოცნების“ დეპუტატების დეზინფორმაცია ბორჯომის გაყიდვაზე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სანქციების გამო „ბორჯომი“ დროებით აჩერებს წარმოებას, „ქართული ოცნების“ წევრებმა „ბორჯომის“ რუსი მფლობელისთვის გადაცემის ისტორია გაიხსენეს და გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ის მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა ამჟამინდელ რუს მფლობელს.

ამჟამად IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობს, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. ფრიდმანი იმ რუს ოლიგარქებს შორისაა, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ  მძიმე ეკონომიკური სანქციების სამიზნეები გახდნენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მიხაილ ფრიდმანს „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი სწორედ მამუკა ხაზარაძემ გადასცა.

„ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ სანქცირებული რუსი ბიზნესმენისათვის ამ კომპანიის 60% არ გადაგვეცა, მაგრამ ხაზარაძემ გადასცა 60%. ასე რომ, ეს შეკითხვა დაუსვით ხაზარაძეს – რატომ, რისთვის მოხდა ეს. იმ პერიოდში ეს, ალბათ, სავსებით ნორმალური ბიზნესგარიგება იყო, დღეს ასეთი რეალობა შეიქმნა.

ამ რეალობას, სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით, თორემ არსებობს გარკვეული ინტერესები, რომელიც ქვეყანას გააჩნია – რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქტი აწარმოო და რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიტანო. ეს არის ფორმულა, რომლითაც არსებობს ბიზნესი და ნებისმიერი ქვეყანა, მაგრამ ეს ასე თუ მოხდა, ქართული ბრენდია „ბორჯომი“ და, რასაკვირველია, ძალიან დასანანია, თუკი მან საქმიანობა შეწყვიტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არასწორ ინფორმაციას „ბორჯომთან“ დაკავშირებით ავრცელებს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

„ლელომ გაყიდა ეგ ბიზნესი რუსეთზე და ალბათ, უფრო ზუსტად იტყვიან. მე არ ვარ საქმის კურსში[…] მაგათ გაყიდეს ეგ ბიზნესი, ხელში ჩაიგდეს ჯერ და მერე გაყიდეს. ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ყველაფერი საქართველოსთვის გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრების ბრალდებებს ტყუილსა და ცილისწამებას უწოდებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით,  „ბორჯომი“ 2003 წელს ბადრი პატარკაციშვილს და მის პარტნიორებს მიჰყიდეს, ამის შემდეგ კი საკონტროლო პაკეტი მიხაილ ფრიდმანს გადაეცა.

„სინამდვილეში, როცა ჩვენ თავის დროზე „ბორჯომის“ გაპარტახებული ინდუსტრია მსოფლიო ბანკთან, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან, „პერი ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტთან და ცნობილ ჰოლანდიელ, იტალიელ და ფრანგ ინვესტორებთან ერთად გარდავქმენით კონკურენტულ საწარმოდ. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ვამაყობთ იმით, რაც მოვახერხეთ.

შემდგომ „ბორჯომის“ ბიზნესი შეძენილი იქნა ბადრი პატარკაციშვილისა და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მიერ 2003 წელს, ამის შემდგომ ამ საინვესტიციო ფონდმა გაასხვისა აქციების საკონტროლო პაკეტი „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებლებზე. თუმცა იქ მნიშვნელოვან წილს ინარჩუნებს ინა პატარკაციშვილი და პატარკაციშვილების ოჯახი.

რა თქმა უნდა, ეს ისტორია, რაც დღეს ხდება „ბორჯომის“ ირგვლივ, საგანგაშოა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ბიზნესი ეჯახება გადაულახავ სირთულეს და ამისთვის საჭიროა, სახელმწიფომ და პატარკაციშვილების ოჯახმა ერთად იზრუნონ, რომ „ბორჯომის“ ბიზნესი არ შეწყდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


IDFI-ის კვლევის თანახმად, “აიდიეს ბორჯომი საქართველო“ ყოფილი „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაა“. 2004 წელს ქართული კომპანიის ბაზაზე საერთაშორისო კომპანია „IDS Borjomi International“ შეიქმნა. შემოიერთა უკრაინული შპს „სამრეწველო–სადისტრიბუცო სისტემა“ და მორშინის მინერალური წყლების ქარხანა.

საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International დააფუძნა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის, აგრეთვე რუსი ბიზნესმენების, ბორის აბრამოვიჩსა და ბორის ბერეზოვსკის მიერ შექმნილმა კომპანიამ Salford Capital Partners-მა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის Salford Capital Partners-ის აქტივებზე სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადავო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi, ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო.

უკვე 2013 წლის დასაწყისში პატარკაციშვილებმა განაცხადეს, რომ IDS Borjomi International -ის საკონტროლო პაკეტი რუსი მილიარდელის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია Alfa Group-ს 300 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი