ეკონომიკა

სანქციების გამო „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს

29 აპრილი, 2022 • 2680
სანქციების გამო „ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა წარმოებას დროებით აჩერებს.

ამის შესახებ განცხადებას კომპანია „IDS ბორჯომი — საქართველო“ ავრცელებს და მიზეზადას ახელებს უკრაინაში საომარ მოქმედებებს.

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი“, — აცხადებს „ბორჯომი“.

კომპანია იმედს იტოვებს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა მიეცემა.

„ნეტგაზეთს“ „IDS ბორჯომი — საქართველოში“ განუცხადეს, რომ კომპანიაში 1 500 ადამიანი მუშაობს და მათთვის ხელფასების გადახდა გრძელდება.

„ბორჯომის“ ოფიციალურ მწარმოებელს საქართველოში კომპანია IDS Borjomi Georgia წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, IDS Borjomi International- ის ნაწილია. IDS Borjomi International აერთიანებს მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობს, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია.


რუსეთი და რუსი ოლიგარქები, რომელთა შორის მიხეილ ფრიდმანიც არის, მძიმე ეკონომიკური სანქციების სამიზნეები მას შემდეგ გახდნენ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბებმა ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი