ახალი ამბებიკომენტარი

ევტუშენკოვ-ივანიშვილის სავარაუდო ჩანაწერზე მოკვლევა უნდა დაიწყოს – საიას თავმჯდომარე

26 აპრილი, 2022 • 3039
ევტუშენკოვ-ივანიშვილის სავარაუდო ჩანაწერზე მოკვლევა უნდა დაიწყოს – საიას თავმჯდომარე

საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის აზრით, ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბრის სავარაუდო ჩანაწერზე მოკვლევა უნდა დაიწყოს და დადგინდეს, არის თუ არა საქართველო რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება.

„კომუნიკაციის ერთ-ერთმა მხარემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ეს დადასტურება საკმარისი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები ამ ყველაფრით დაინტერესდნენ. ეს აუცილებელია, რადგან საუბარია სანქცირებული ადამიანის მხარდაჭერაზე. ძალიან საინტერესოა, რა შედეგები მოჰყვა ამ კომუნიკაციას — შეიძლება, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებსაც უკავშირდებოდეს. კორუფციას რომ თავი დავანებოთ, თუ ვიღაც იყენებს ჩვენს ქვეყანას სანქციების გვერდის ასავლელად და, მით უმეტეს, ამაში ჩართული არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ამას სერიოზული შედეგი ექნება ჩვენი ქვეყნისთვის“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნიკა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, საკითხზე მოკვლევა პირველ რიგში სუს-მა უნდა დაიწყოს.

„შესაძლებელია, ამ ეტაპზე პირდაპირ ვერ ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები იკვეთება, თუმცა, როგორც მინიმუმ, მოკვლევა უნდა მიმდინარეობდეს, რადგან საკითხი შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ორგანოები ამ ფაქტით უნდა ინტერესდებოდნენ. ზოგადად, ამ ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ როდესაც მსგავსი ფაქტები გამოვლინდება ხოლმე, განმარტებებს აკეთებენ არა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები, არამედ პოლიტიკოსები. საკითხი პოლიტიკურიც არის, მაგრამ ისინი არ უნდა დებდნენ დასკვნას, რამე მოხდა თუ არა“, — ამბობს სიმონიშვილი.

სიმონიშვილისთვის საკმარისი არ არის არგუმენტი იმის შესახებ, რომ საუბარი მარტში შედგა, ევტუშენკოვი კი სანქციების ქვეშ აპრილში მოექცა.

„თუ საუბარი საუბრად არ დარჩა და შემდგომი გაგრძელება მოჰყვა, არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაედო სანქციები“, — დასძინა ნიკა სიმონიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ალი უზდენოვი, რომელთანაც ბიზნესკავშირებს ადასტურებს დავით ხიდაშელი, სანქცირებული არ არის, სიმონიშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, ის “სხვისი ფულის გამტარი” იყოს და ესეც საყურადღებოა.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, ჩანაწერმა კიდევ ერთხელ გააძლიერა კითხვები არაფორმალური მმართველობის შესახებ.

„ეჭვები ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე არასდროს განელებულა და ამ ჩანაწერმა კიდევ უფრო გაამყარა“, — ამბობს სიმონიშვილი, რომელსაც არ სჯერა, რომ ჩანაწერთან დაკავშირებით ობიექტური მოკვლევა ჩატარდება.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა.

ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი