ახალი ამბები

აზოვის პოლკის პირობები მარიუპოლის დატოვებისთვის

20 აპრილი, 2022 • 9351
აზოვის პოლკის პირობები მარიუპოლის დატოვებისთვის

აზოვის პოლკის ერთ-ერთი ლიდერი სვიატოსლავ პალამარი „ტელეგრამში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ასახელებს იმ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, უკრაინული ძალები დატოვებენ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან.

მისი განცხადებით, უკრაინული ძალები:

  • არ თანხმდებიან დანებებაზე;
  • გარდაცვლილების სხეულების, დაჭრილებისა და იარაღის დატოვებაზე;
  • მზად არიან მესამე ქვეყანაში გადასასვლელად, ან მესამე ქვეყნის ჩარევით მარიუპოლის დასატოვებლად.

პალამარის განცხადებით, სამოქალაქო პირები ვერ ტოვებენ აზოვსტალის ქარხანას, რადგან დაბომბვის ეშინიათ. მისი განცხადებით, რუსეთი დაბომბვებს არ წყვეტს მაშინაც კი, როდესაც ჰუმანიტარული კორიდორი ცხადდება. მისი განცხადებითვე, ამჟამად ქარხნის ტერიტორიაზე სულ მცირე 1000 მშვიდობიანი მოქალაქე მაინცაა, მათ შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

ომი უკრაინაში 56-ე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად რუსეთის მიზანს უკრაინის მთავრობის დამხობა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო დედაქალაქ კიევის დაკავება, ომის ახალი ფაზა წამოიწყო და ძალები დონბასის რეგიონისკენ გადაისროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი