ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გვინდა შევქმნათ ოკუპირებული ტერიტორიების ურბანული განვითარების გეგმა” – გიორგი არზიანი

20 აპრილი, 2022 • 4751
“გვინდა შევქმნათ ოკუპირებული ტერიტორიების ურბანული განვითარების გეგმა” – გიორგი არზიანი

“მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით დღის წესრიგში მალე დადგება საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და მაგ დროისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს შემუშავებული სტრატეგია” ,- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია “თბილისის სკოლის” [The Tbilisi School For Social Research] დამფუძნებელი გიორგი არზიანი.

“თბილისის სკოლის” ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, როგორც გიორგი არზიანი გვეუბნება, არქიტექტორებისა და ურბანისტების ჩართულობით შეფასდება ის, თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთის ქალაქებსა და ცხინვალში რიგი შენობების რეკონსტრუქცია და მათთვის ახალი ფუნქციის მინიჭება.. 

მაგალითად, ასეთ შენობებს შორისაა ომის დროს განადგურებული მთავრობის სახლი და სხვა შენობები სოხუმში. 

სოხუმში ომის დროს განადგურებული მთავრობის სახლის მაკეტი

სოხუმში ომის დროს განადგურებული მთავრობის სახლის მაკეტი

პროექტის მიზანია შევქმნათ სამომავლო კონცეფცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ურბანული განვითარებისა. პროექტის დასრულების შემდეგ 3D პრინტერზე დაიბეჭდება ძირითადი ქალაქების და შენობა-ნაგებობების არქიტექტურული მაკეტები”. 

“თბილისის სკოლის” ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია სამომავლოდ გეგმავს. ასევე, შეიმუშაოს საქართველოს სხვა პატარა ქალაქებისთვის განვითარების სტრატეგიები და გეგმები.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის ირგვლივ გაერთიანდება ბევრი მრავალფეროვანი ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანი, დეოკუპაციის და რეინტეგრაციის საკითხი აუცილებლად უნდა მოიქცეს მეტი მაღალი კომპეტნციის მქონე ადამიანის ყურადღების ცენტრში ”.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ პროექტში სახელმწიფოს ჩართვა, ის ამბობს: 

“სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, ვფიქრობ, იქ, სადაც საჯარო სტრუქტურები არ მოქმედებენ, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა”.

“თბილისის სკოლა” არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც, როგორც მისი ხელმძღვანელი განმარტავს, 100-მდე წვრილი შემომწირველი აფინანსებს. თბილისის სკოლა დეოკუპაციის, რეინტეგრაციის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე მუშაობს. თბილისის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია ბიბლიოთეკა საქართველოზე Library about Georgia – საგანმანათლებლო-კულტურულ სივრცე, რომელშიც ტარდება საჯარო ლექციები, დისკუსიები და ფილმის ჩვენებები აქტუალურ თემატიკაზე. ასევე, ბიბლიოთეკა მასპინძლობს ქართულ-აფხაზური დიალოგის ფორმატს. ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე, შეიქმნა სამეცნიერო არქივი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი