ახალი ამბები

სამეგრელოსა და იმერეთში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

15 აპრილი, 2022 • 1024
სამეგრელოსა და იმერეთში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა.

კონტროლის ფარგლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და იმერეთში გამოავლინეს ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი.

„მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს ხეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე კოლხური ბზის სახეობის 7 ერთეული ფესვიანი ხე-მცენარისა და 580 ერთეული ტოტის ტრანსპორტირებას ახდენდა. ავტომანქანის ძარაზე სამართალდამრღვევს ასევე განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და 0,3 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქანი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში კი მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის სახეობის 700 ერთეული ტოტი და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი