ახალი ამბები

ღარიბაშვილის გარდა, რომელ თანამდებობის პირებს აჩუქეს მშობლებმა ათობით ათას დოლარი? – IDFI-ს კვლევა

26 ოქტომბერი, 2023 • 2114
ღარიბაშვილის გარდა, რომელ თანამდებობის პირებს აჩუქეს მშობლებმა ათობით ათას დოლარი? – IDFI-ს კვლევა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ 2020-2022 წლებში დედისა და ბებიისგან 430 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის წევრის მიერ მიღებული ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი.

ხათუნა თოთლაძე არის 2008 წელს გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი.

მიღებული საჩუქრების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზეა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ლიანა ლატარია. 2020-2021 წლებში მან მშობლებისგან  804 765 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო. მათ შორის, 119 ათასი ევროს ღირებულების ავტომობილი (Porsche 911 CARRERA 4S), 100 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინა და ფულადი თანხა – 60 ათასი ლარი.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან ერთად, იმ უწყებებს შორისაა, რომლის მაღალჩინოსნები ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებენ ოჯახის წევრებისა თუ ნათესავებისგან. მათ შორის, ისეთი ნათესავებისგან, ვისგანაც საჩუქრების მიღებას მას კანონი უკრძალავთ.

თუმცა მშობლებისგან ძვირადღირებული საჩუქრების ნაკლებობას სხვა უწყებების მაღალჩინოსნებიც არ უჩივიან. მაგალითად, 2022 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს, ლევან ჯღარკავას მშობლებმა 140 ათასი აშშ დოლარი აჩუქეს.

 

IDFI გამოყოფს იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა თანამდებობები მაღალი კორუფციული რისკის შემცველია. მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ პაიჭაძემ, 2020-2022 წლებში მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 230 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები,  5.4 ათასი აშშ დოლარი და 15.5 ათასი ლარი.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მიღებული საჩუქრების მოცულობის მიხედვით, თანამდებობის პირებს შორის მხოლოდ მე-18 ადგილზეა. 2020-2022 წლებში მან მშობლებისგან 150-150 ათასი ლარი მიიღო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს თანხა პრემიერ-მინისტრის მშობლების დანაზოგია, თუმცა მისი წარმომავლობა ბუნდოვანია. ღარიბაშვილს 2023 წლის დეკლარაცია ჯერ არ აქვს წარდგენილი, შესაბამისად, 2022 წელს მის მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

2020-2022 წლებში თანამდებობის პირებმა, ან მათმა ოჯახის წევრებმა, ჯამში, 27,8 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, საუბარია აღმასრულებელი ხელისუფლების 394 თანამდებობის პირზე. ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული მონაცემები გააანალიზა.

გარეკანის ფოტო: ხათუნა თოთლაძე და ლევან ჯღარკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი