ახალი ამბები

ჰაერის დაბინძურების გამო ქუთაისში მოქმედ ქარხანას მეტალურგიული საქმიანობა შეუჩერეს

28 ივლისი, 2022 •
ჰაერის დაბინძურების გამო ქუთაისში მოქმედ ქარხანას მეტალურგიული საქმიანობა შეუჩერეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისში მოქმედ ქარხანას “ამბიკონ სტილსი” მეტალურგიული საქმიანობა შეუჩერა. უწყება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, დარღვევის გამოვლენის შემდეგ მიიღო.

დეპარტამენტის მიხედვით, ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.

“საწარმოს ეზღუდება [მეტალურგიული წარმოება] გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე”, — დასძენს უწყება.

განცხადების მიხედვით, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად, მკაცრად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.

იმ შემთხვევაში, თუ მიწერილობის მოთხოვნები არ შეუსრულდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი დაწესებულება 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი