ახალი ამბები

8 პარლამენტარი ევროკომისარს დახმარებას სთხოვს კითხვარის გასაჯაროებისათვის

14 აპრილი, 2022 • 1352
8 პარლამენტარი ევროკომისარს დახმარებას სთხოვს კითხვარის გასაჯაროებისათვის

საქართველოს პარლამენტის რვა ოპოზიციონერი წევრი ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის მიმართავენ და სთხოვენ, გაუწიოს დახმარება, რათა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარი საჯარო გახადოს.

საქართველოს 11 პარილს გადმოეცა ევროკავშირში გაწევრიანებსთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რომლის შესავსებადაც ერთთვიანი ვადა აქვს.

წერილის თანახმად, ოპოზიციამ მოითხოვა, მთავრობას გადაეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით.

„აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროვებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება“, – წერენ პარლამენტარები.

ისინი წერენ, რომ „ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს, ე.ი. საქართველოს მთავრობას, აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს“.

„ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით, ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ“, – წერენ დეპუტატები.

წერილს ხელს აწერენ:

  1. არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი
  2. თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“
  3. ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“
  4. ხატია დეკოანოიძე -დეპუტატი, ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’
  5. თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი
  6. ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“
  7. სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“
  8. ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტია

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. უკრაინას – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლობით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი