ახალი ამბები

მოლდოვაში „გეორგიევსკის ლენტი“, Z და V სიმბოლოები აიკრძალა

14 აპრილი, 2022 • 2695
მოლდოვაში „გეორგიევსკის ლენტი“, Z  და V სიმბოლოები აიკრძალა

მოლდოვის პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა „სამხედრო აგრესიის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხელშემწყობი სიმბოლოებისა და ატრიბუტების“ აკრძალვას.

კანონსპროექტის განხილვას მოლდოვის პარლამენტში ხმაური მოჰყვა. კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის (BCS) დეპუტატები ტრიბუნასთან მიიჭრნენ და „წმინდა გიორგის“ ლენტის აკრძალვა გააპროტესტეს. ოპოზიციის უკმაყოფილების საპასუხოდ მმართველი უმრავლესობის დეპუტატმა ოლესეა სტამატემ აღნიშნა, რომ ლენტი არ არის აკრძალული იმ მედლების შემთხვევაში, რომლებსაც ომის ვეტერანები ატარებენ.

საბოლოოდ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 53 ხმით მიიღო.

აკრძალული სიმბოლოები მოიცავს დროშებს, ფერად ლენტებს, ემბლემებს, გრაფიკულ ელემენტებს, ასოებს, ციფრებს და მათ კომბინაციებს, განმასხვავებელ ნიშნებს, უნიფორმებს, ლოზუნგებს და სხვა ნიშნებს, რომლებსაც იყენებენ სამხედრო ოპერაციების მონაწილეები ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მათ შორისაა წმინდა გიორგის შავ-ნარინჯისფერი ლენტი (გეორგიევსკის ლენტი) და ასოები: “Z” და “V”.

„ვინაიდან ეს ნიშნები ზოგადად ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ კანონმდებლობის შესწორება“, — განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა ლილიან კარპმა.

ამ ელემენტებისა და სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და საჯარო გამოყენება კერძო პირების შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით 4500-დან 9000 მოლდოვურ ლეიმდე, ან 30-დან 60 საათამდე საზოგადოებრივი შრომით. იურიდიული ან პასუხისმგებელი თანამდებობის მქონე პირებისთვის ჯარიმა 9 000-დან 18 000 ლეიმდეა. აღნიშნულ დარღვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის უწყების მეშვეობით დაადგენს.

ცნობისთვის, წმინდა გიორგის ლენტის საჯარო სივრცეში გამოყენება აკრძალულია უკრაინაშიც. რადამ შესაბამისი კანონპროექტი 2017 წლის მაისში მიიღო.

წმინდა გიორგის ორფერიანი ლენტის სიმბოლო რუსეთში იმპერატორ ეკატერინე მეორეს პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოვებდნენ რუსეთის ჯარის ოფიცრებს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის. ოფიცრებს ჯილდოს ატარებდნენ შავი და ნარინჯისფერი ზოლიანი ლენტით.

მოგვიანებით გეორგიევსკის ლენტი რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. დღესდღეობით შავ და ყვითელზოლიანი ლენტი რუსეთის პროპაგანდისტული ინსტრუმენტია და მათი დამზადება და გავრცელება ფინანსდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ლათინური “Z” და ზოგიერთ შემთხვევაში “V”, რომლებიც რუსულ სამხედრო ტექნიკაზეა გამოსახული, უკრაინაში პუტინის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა.

ამ თემაზე: როგორ იქცა “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი