საზოგადოება

როგორ იქცა “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ

23 მარტი, 2022 • 3603
როგორ იქცა “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული და პროსახელისუფლებო ჯგუფებამდე დამთავრებული, ლათინურ ასოს “Z” აქტიურად იყენებენ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის  პროპაგანდისთვის.

სოციალური მედიიდან მან გადაინაცვლა რუსეთის ქუჩებში და გამოჩნდა სარეკლამო მონიტორებზე, ბილბორდებზე, ავტომობილებსა თუ შენობებზე, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მხარდამჭერ აქციებზე.

როგორ იქცა “Z”, და ზოგიერთ შემთხვევაში “V”, პუტინის სამხედრო კამპანიის სიმბოლოდ? არსებობს არაერთი ვარაუდი.

რას ნიშნავს “Z” და “V”?

როგორც “Z”-ს, ისე ლათინური ანბანის კიდევ ერთ ასოს,”V”-ს მრავალგზის გამოსახავენ რუსულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე. ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანდა რუსული ტექნიკა აღნიშნული სიმბოლოებით, ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩნდა სოც. ქსელებში.

სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ყურადღება მიიქცია სხვა სიმბოლოებმაც. მათ შორის იყო “O” და “X”, ასევე, გეომეტრიული ფიგურები, რომლებშიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხსენებული ასოები იყო ჩასმული.

რუსული ჯავშანმანქანა “Z” სიმბოლოთი. ფოტო: EPA

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტექნიკაზე სიმბოლოებს იმ ტერიტორიების(სამხედრო ოლქების) აღსანიშნად ხატავენ, სადაც ჩვეულებრივ განლაგებულნი არიან რუსეთის არმიის ნაწილები.

ასევე მიიჩნევა, რომ, რუსული და უკრაინული ტექნიკის მსგავსებიდან გამომდინარე, რუსეთის ძალები აღნიშნული სიმბოლოებით თავიანთ ტექნიკას ნიშნავენ და ასე ცდილობენ, თავიდან აიცილონ ე.წ. მეგობრული ცეცხლი.

რუსი სამხედრო ავტომობილთან, რომელზეც “V” სიმბოლოა დატანილი. კადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოდან

The Guardian წერს კრემლის მხარდამჭერ სამხედრო ექსპერტებს შორის არსებულ მოსაზრებაზეც, რომ “Z” უკრაინის პრეზიდენტის გვარს უკავშირდება (ზელენსკი), “V” კი — რუსეთის პრეზიდენტის სახელს (ვლადიმირ).

თავად რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა ისე დაიწყეს ზემოხსენებული სიმბოლოების პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება, რომ საზოგადოებისთვის ოფიციალურად არ განუმარტავთ, რას გამოხატავენ ისინი.

არაოფიციალურიდან ოფიციალურ პროპაგანდამდე

ხსენებული მსჯელობის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების მომხრეები სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად იყენებდნენ “Z”-ს სამხედრო კამპანიის მხარდაჭერის ნიშნად.

Meduza-ს თანახმად, სანამ ოფიციალურ სახეს მიიღებდა, “Z” უკვე წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის სიმბოლოს რუსეთის ხელისუფლების გაცხადებული მხარდამჭერებისთვის.

ზოგიერთმა მათგანმა თავისი პროფილის სახელში ჩაამატა “Z”, ზოგმა — პროფილის ფოტოდ დაიყენა აღნიშნული ასო. რადიკალურმა რუსულმა მართლმადიდებლურმა მოძრაობამ, Sorok Sorokov-მა ტელეგრამის არხს სახელი გადაარქვა და Zorok Zorokov-ით ჩაანაცვლა ის.

ბილბორდი სანქტ-პეტერბურგში. მასზე გამოსახულია “Z” სიმბოლო ე.წ. წმინდა გიორგის ორფერიანი ლენტის დიზაინით. იქვეა წარწერა: “არ ვტოვებთ ჩვენებს”. ფოტო: EPA

სიმბოლო სწრაფად ვრცელდებოდა: ომი 3 დღის დაწყებული იყო, როცა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ტელეარხმა “RT” (მანამდე ცნობილი, როგორც Russia Today) ინტერნეტით დაიწყო “Z”-ს გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვა.

მცირე ხნის შემდეგ კი, როცა “Z” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ გვერდებზეც გამოჩნდა, მან, როგორც როგორც მოსკოვის მიერ წარმოებული ომის პროპაგანდის სიმბოლომ, საბოლოოდ მიიღო ოფიციალური სახე.

სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე მარტის დასაწყისში განთავსდა ე.წ. ქარდები, როგორც რუსულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი სლოგანებით, რომლებშიც სხვადასხვა ფორმითაა გამოკვეთილი “Z”. ამასთან, ხელისუფლებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის აქტიურად დაიწყო “V”-ს გამოყენებაც.

ფოტოები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ გვერდიდან

სამინისტრო სხვადასხვაგვარად იყენებს აღნიშნულ სიმბოლოებს. არაერთი სლოგანი იწყება ასო “З”-თი, რომელიც კირილიცაში “Z”-ს ეკვივალენტურია. მაგალითად, “За мир”(მშვიდობისთვის”), “За Победу”(გამარჯვებისთვის”), “Заканчиваем войну”(“ჩვენ ვასრულებთ ომს”) და ა.შ.

“V”-ზე დაფუძნებულ გზავნილებს შორისაა ინგლისურენოვანი ქარდი, წარწერით “Victory”(“გამარჯვება).

მიუხედავად აქტიურად გამოყენებისა, რუსეთის სამთავრობო უწყებებს არ აუხსნიათ, რატომ გადაწყვიტეს მათი გამოყენება “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” თანმდევ საინფორმაციო კამპანიაში.

როგორ ვრცელდება “Z” რუსეთში

“Z” კრემლის ბრენდად იქცა — ეუბნება RFE/RL-ს სამხედრო ანალიტიკოსი რუსლან ლევიევი. ამავე ნაწილში ის ახსენებს ე.წ. წმინდა გიორგის ორფერიან ლენტს, რომელსაც პუტინის ხელისუფლება აქტიურად იყენებს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის რიგებში მებრძოლთა ხსოვნის კონტექსტში. ის ასევე გამოიყენებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი კამპანიებისას.

კრემლისა და მისი აქტიური მხარდამჭერების მცდელობა, რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრდეს “Z” , როგორც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის სიმბოლო, გასულ დღეებში სხვადასხვა ფორმით გამოიხატა. სახელმწიფო დაწესებულებებში მოეწყო არაერთი აქცია თუ “ფლეშმობი”, რომელშიც ცენტრალური ადგილი სწორედ “Z”-ს ეკავა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალის თანახმად, არაერთ ასეთ ღონისძიებაში ბავშვები ჩართეს: 5 მარტს ქალაქ ყაზანში მოქმედი ბავშვთა ჰოსპისის ადმინისტრაციამ შენობის ეზოში  პაციენტების მონაწილეობით მოაწყო “ფლეშმობი” და ისინი  “Z”-ს ფორმით განალაგა. როგორც დაწესებულება ამბობს, ღონისძიებაში ჰოსპისის პერსონალიც მონაწილეობდა.

“ფლეშმობი” ქალაქ ყაზანში, ბავშვთა ჰოსპისის პაციენტების მონაწილეობით. ფოტო: tatar-inform.ru

BBC-ის ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა კი გაავრცელა ფოტო, რომელზეც მუხლებზე დამდგარი ბავშვები ჩანან “Z”-ს გამოსახულებიანი პლაკატებით ხელში. მისი ცნობით, ფოტო ხაკასეთშია გადაღებული.

Meduza-ს თანახმად, რუსეთის გარშემო დაგეგმილ არაერთ აქტივობას ადგილობრივი თვითმმართველობები უწევენ ორგანიზებას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

მასალის მიხედვით, ქალაქ ტომსკის რეგიონული ადმინისტრაციის ცენტრმა მიუთითა ადგილობრივ სკოლებს, ბავშვებს ასწავლონ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური ოპერაციის“, „სამართლიანობისა“ და „აუცილებლობის“ შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის შესახებ The Moscow Times-ს უყვება კრასნოიარსკელი მოსწავლე. გამოცემის თანახმად, გაკვეთილი მანამ ჩატარდა, სანამ მოსწავლეებს სკოლის ეზოში გაიყვანდნენ და მოსთხოვდნენ, Z-ს ფორმა შეეკრათ ფოტოს გადასაღებად.

 

“ფლეშმობი” ყაზანის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტთა მონაწილეობით ერთ-ერთ სავაჭრო მოლში. ფოტო: ყაზანის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი 

“სანამ გარეთ გაგვგზავნიდნენ, „სიმამაცის გაკვეთილი“ ჩაგვიტარეს, ამ ნაგვის შემდეგ კი — გაკვეთილი „ჰიბრიდული ომის“ შესახებ“, — ციტირებს გამოცემა მოსწავლეს.

ამასთან, ყაზანის ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებმა Meduza-ს უთხრეს, რომ “სპეციალური ოპერაციის” მხარდამჭერი აქციის ორგანიზება მათმა ინსტიტუტმა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოახდინა და სტუდენტებს დაავალა, ესწავლათ ოლეგ გაზმანოვის სიმღერა “წინ, რუსეთო”.

“სტუდენტებო! ვიკრიბებით ფლეშმობისთვის 5 საათზე. კოლეჯის ფოიეში. დასწრება სავალდებულოა! გამოუცხადებლობას სერიოზული შედეგები მოჰყვება!” ციტირებს Meduza დეკანის წარმომადგენლის წერილს.

თავად ინსტიტუტის ადმინისტრაციაში ხსენებულ ღონისძიებას სტუდენტების ინიციატივას მიაწერენ.

და მაინც, ვის მოაფიქრდა “Z”-ს ამ ფორმით გამოყენება?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, შეიძლება ითქვას, არ მოგვისმენია. ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება როგორც “Z”-ს (და “V”-ს) პროპაგანდისტული დანიშნულებით გამოყენების ინიციატორის ვინაობის, ისე მათი ზუსტი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც გამოცემა Meduza წერს, “Z”-ს, როგორც “სპეციალური ოპერაციის” ემბლემის, იდეის ავტორის დადგენა არაერთი წყაროს მეშვეობით სცადა, თუმცა ერთგვაროვანი პასუხები ვერ მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყაროებმა გამოცემას უთხრეს, რომ სიმბოლოს საერთო არაფერი აქვს ხსენებულ უწყებასთან. ზოგიერთმა მათგანმა სიმბოლოს წყაროდ თავდაცვის სამინისტროს კრეატიული დეპარტამენტი დაასახელა, ერთ-ერთმა კი ისიც თქვა, რომ პროცესში RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი იყო ჩართული და ამის შესახებ თავად ვლადიმერ პუტინიც იყო ინფორმირებული.

თავად სიმონიანმა Meduza-ს შეკითხვას არ უპასუხა. ამის ნაცვლად, ჟურნალისტის მიერ წერილობით გაგზავნილი კითხვის სქრინი სოციალურ მედიაში განათავსა ირონიული მინაწერით.

“Z” სიმბოლოიანი მაისური სუვენირების მაღაზიაში, სანქტ-პეტერბურგში. ფოტო: EPA

კიდევ ერთმა წყარომ იდეა დაუკავშირდა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, რომელიც რუსეთის ე.წ. ტროლების ფერმასთან” არის ასოცირებული. სხვა წყაროებმა ეს ცნობა უარყვეს.

გამოცემა ასევე ესაუბრა კაცს, რომელიც აცხადებს, რომ “ფლეშმობი” მისი და მასთან ასოცირებული ადამიანების იდეა იყო. იგორ მანგუშევი თავს “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გადამდგარ კაპიტნად” წარადგენს, მასთან “ასოცირებულ პირებს” კი — “შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებად, რომლებმაც დაიწყეს იარაღის აღება 2014 წელს გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით”.

მანგუშევმა გამოცემას უჩვენა ტელეგრამის არხების მიმოწერების სქრინებიც, რომლებშიც ჩანს, როგორ განიხილავს ხალხი “Z”-ს განთავსებას თავიანთი პროფილის ფოტოებზე. გამოცემის თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების” მხარდამჭერ ტელეგრამ არხებზე ხსენებული ფოტოები მართლაც გამოჩნდა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე – 20 და 21 თებერვალს.

“Z” სიმბოლო გამოიყენეს მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, ყირიმის ანექსირების წლისთავისთვის მიძღვნილ კონცერტზეც.

მარგუშევი “Z”-ზე საავტორო უფლებას არ იჩემებს და მოხარულია, რომ “ხალხმა ის მიიღო”. მეორე მხრივ, როგორც ამბობს, „ნეგატიური“ დამოკიდებულება აქვს იმ მეთოდების მიმართ, რომლითაც სახელმწიფო „აწესებს Z“-ს, როგორც „სპეციალური ოპერაციის“ ოფიციალურ სიმბოლოს.

Meduza-ს თანახმად, მას მოსწონს, მაგალითად, ყაზანის ინსტიტუტის სტუდენტების აქციის ტოტალიტარული ესთეტიკა, თუმცა ფიქრობს, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს როგორც “Z”-ს გამოყენება სოციალურ მედიაში, ისე ტანისამოსის ჩაცმა ამავე გამოსახულებით

გასულმა დღეებმა აჩვენა, რომ “Z”-ს დანიშნულება სცდება პუტინის ომისადმი მხარდაჭერის გამოხატვას და იმ ადამიანთა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დასაშინებლადაც გამოიყენება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აგრესიას უკრაინისადმი.

რუსმა კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ხსენებულ ომს, თქვა, რომ მისი ბინის კარი “Z” სიმბოლოთი შეღებეს. მედიის ცნობით, ასე მოხდა რუსული ოპოზიციური კოლექტივის, Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის შემთხვევაშიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი