ახალი ამბები

პარლამენტი განზრახ მკვლელობაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს

13 აპრილი, 2022 • 1108
პარლამენტი განზრახ მკვლელობაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს

„ქართულმა ოცნებამ“ ინიცირება მოახდინა კანონპროექტისა, რომელიც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობაზე სასჯელის გამკაცრებას.

კერძოდ, განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად, ნაცვლად დღეს მოქმედი 7 წლისა, განისაზღვრება 10 წელი.

როგორც პარლამენტის იურიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ცვლილებების წარდგენისას განაცხადა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის დღეს მოქმედი ზოგიერთი რედაქცია არ ითვალისწინებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ინიცირებული ცვლილებით კი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახი მკვლელობისთვის განისაზღვრება 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მაგალითად, არასრულწლოვნის ან ორსული ქალის განზრახი მკვლელობისთვის შესაძლებელი გახდება უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

ამასთანავე, მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.

წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი.

კერძოდ, ოხანაშვილის განმარტებით, დღეს მოქმედი კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას გამოყენებულ იქნეს მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით განხორციელებული ვიდეოჩანაწერი მაშინ, როცა ასეთი ვიდეოჩანაწერი ხშირად უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.

„მაგალითად, ასეთი ვიდეომტკიცებულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება ისეთი დანაშაულების გამოძიებისას, როგორებიც არის ოჯახური ძალადობა, მუქარა, ადევნება, იძულება, სატრანსპორტო ხასიათის დანაშაული. ასეთი საქმეები ხშირად ხასიათდება ლატენტურობით და გამოსაძიებლად რთულია, ამიტომ ამ დანაშაულების გამოაშკარავება შესაძლებელია სწორედ მათი ამსახველი ვიდეჩანაწერის მეშვეობით.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი