ახალი ამბები

ლიეტუვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

13 აპრილი, 2022 • 884
ლიეტუვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

ლიეტუვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებიან.

ვიზიტის ამსახველ ფოტოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედას აქვეყნებს, მასზე ჩანან ანდრეი დუდა, ეგილ ლევიტსი და ალარ კარისი.

„ერთად გამარჯვებისკენ“ – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

ამ 4 ქვეყნის პრეზიდენტი 2008 წლის 12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშენკოსთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებს  მათ სიტყვით მიმართეს.

რაც შეეხება საქართველოს, დღეს, 13 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში წასასვლელად. თუმცა ამ განცხადებამდე „ოცნებას“ აკრიტიკებდა როგორც ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო სექტორი, უკრაინაში არწასვლასა და უკრაინის ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო.

ორი დღის წინ „ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ ვიზიტს რამდენიმე წინაპირობა აქვს, მათ შორის, უკრაინის სახელისუფლებო პოზიციებიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა ქვეყნის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ საბაბით. ამ ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის, 170-ზე მეტი ბავშვი, მიწასთან არის გასწორებული არაერთი ქალაქი. საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. რუსულმა არმიამ ვერ შეძლო დედაქალაქ კიევის აღება და საერთოდ გავიდა კიევის ოლქიდან. ამჟამად ძირითადი ბრძოლები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი