ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, მზად არის უკრაინაში ვიზიტისთვის

13 აპრილი, 2022 • 760
პაპუაშვილის თქმით, მზად არის უკრაინაში ვიზიტისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში წასასვლელად და ეს აცნობა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკსაც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ყველა სხვა ლიდერთან ერთად იმსჯელა და ყველა შეთანხმდა, რომ უკრაინაში მის ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

“ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.
დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენი კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ “იმედის” ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.
და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ”, – წერს პაპუაშვილი.

რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში, აპრილის დასაწყისში მიიწვია. ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ უთქვამს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებდა. ამავე განცხადებაში უკრაინის ხელისუფლებას უსაყვედურა ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანდა“.

გუშინ, 12 აპრილს კი, სტეფანჩუკმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა პაპუაშვილთან და იმედი გამოთქვა, რომ მას კიევში შეხვდებოდა.

„მე მივმართე მოწვევით მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერს, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. მე ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, მასთან გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ მასთან მექნება ოფიციალური ზარი. მე მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მის უკრაინაში მოწვევაზე. მე მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და, იმედი მაქვს, შევხვდები მას კიევში,“ – თქვა რუსლან სტეფანჩუკმა გუშინ, 12 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი