ახალი ამბები

ოცნებისთვის უკრაინაში ვიზიტის წინაპირობა ენმ-სთან დაკავშირებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებაა

11 აპრილი, 2022 • 3754
ოცნებისთვის უკრაინაში ვიზიტის წინაპირობა ენმ-სთან დაკავშირებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებაა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ერთ-ერთი წინაპირობა არის უკრაინის ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება.

კობახიძე ასახელებს 4 ადამიანს: მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით არახამიასა და გია ლორთქიფანიძეს.

როგორც კობახიძე განმარტავს, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს განიხილეს უკრაინაში ვიზიტის საკითხიც. ის ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ვიზიტის მზაობა აქვს, თუმცა არსებობს „ძალიან მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ ვიცით, რას უკავშირდება“.

კობახიძე დასძენს, რომ უკრაინის მხრიდან „სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი“ და როდესაც სახელმწიფოს შეურაცხყოფა ხდება – „ასეთ დროს საჭიროა პოზიციის დაფიქსირება“.

„ეს უკავშირდებოდა ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხს..შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართელოში. ასე გამოდის, რომ  დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ყოველ შემთხვვეავში, ამის შემდეგ, ჩვენ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. ეს ვითარება არის შესაცვლელი, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ, თუმცა, დაგვეთანხმებით, ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება, ან უარყოფა, რაც ჩვენ, არც ერთი არც მეორე არ მოგვისმენია, შესაბამისად, ეს საკითხიც რჩება აქტუალური“, – აცხადებს კობახიძე.

„და მესამე, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემების სათავე, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ დღემდე ადამიანები საქართველოში, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილები.

ესენი არიან.. შეგახსენებთ 4 თვალსაჩინო მაგალითს: პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს არის ადეიშვილი, გენპროკურორის მრჩეველი, ეს არის იგივე ლორთქიფანიძე, რომელიც გახლავთ დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, და არახამია – არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის მაღალ დონეზე,“.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში იგივე რომ ხდებოდეს – „ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე კრიმინალებად არიან აღიარებული, დღეს რომ იკავებდნენ უმაღლეს თანამდებობებს საქართველოში, რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამის მოგვარება“.

„ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც ცვლილება სჭირდება. როდესაც დავინახავთ პროგრესს ამ მიმართულებებით, ბუნებრივია, შეგვიძლია ვიფიქროთ უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტზე“, – ამატებს კობახიძე და განმარტავს, რომ საჭიროა უკრაინამ დანიშნოს ახალი ელჩი, კონტრაბანდასთან დაკავშირებით ან დაადასტუროს ინფორმაცია, ან უარყოს და „რაც შეეხება ამ კრიმინალებს, მათი გათავისუფლება უკრაინის ხელისუფლებიდან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი