ახალი ამბები

მარიუპოლში სამხედროებთან კავშირზე ვართ – მთავარსარდალი ზალუჟნი

11 აპრილი, 2022 • 4943
მარიუპოლში სამხედროებთან კავშირზე ვართ – მთავარსარდალი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ სამხედროებთან, რომლებიც მარიუპოლს იცავენ – კავშირი სტაბილურია.

„გრძელდება მარიუპოლის დაცვა. კავშირი სტაბილურია შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან, რომლებიც გმირულად იბრძვიან ადგილზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავდაცვითი ოპერაციათა მიმდინარეობა არ წარმოადგენს საჯარო დისკუსიების თემას.

ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელსა და შეუძლებელს გამარჯვებისა და  და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეთა შესანარჩუნებლად,“  – წერს ვალერი ზალუჟნი ფეისბუკზე.

ზალუჟნის ამ პოსტს წინ უძღოდა პოლკი „აზოვის“ განცხადება, რომლის თანახმადაც, მარიუპოლში სამხედროებთან კავშირზე უკვე 2 კვირაა არავინ გასულა. 

ამასთანავე, 11 აპრილს ფეისბუკზე და მედიაში გავრცელდა განცხადება უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით, სადაც ნათქვამია, რომ სამხედროებისთვის დღევანდელი დღე, ალბათ, ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი უთავდებათ.

ამავე განცხადებაში ეწერა, რომ ქალაქის დაცვის 47-ე დღეს მათთან კომუნიკაცია აღარავის უნდა. თავის მხრივ კი, ქვედანაყოფი ყველაფერს აკეთებს ქალაქის შესანარჩუნებლად.

ეს განცხადება შემდგომ უარყო და „ფეიკი“ უწოდა მარიუპოლის მერის მრჩეველმა – პეტრო ანდრიუშენკომ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.

მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.

გარდა მსხვერპლისა, უკრაინული მხარე საუბრობს ასევე მოქალაქეთა წამებისა და გაუპატიურების შემთხვევებზე – მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი