ახალი ამბები

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებას სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყებენ — მედია

11 აპრილი, 2022 • 1423
ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებას სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყებენ — მედია

დასავლეთის მედიის ინფორმაციით, 6-7 აპრილს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე განხილვის თემა იყო ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლა, ორივე სკანდინავიური ქვეყანა კი გაწევრიანებაზე განაცხადს, სავარაუდოდ, ზაფხულში გააკეთებს.

ინფორმაცია ამის შესახებ TIMES-მა აშშ-ის და ევროპის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლებიც არ დაასახელა. გამოცემის ცნობით, ფინეთის განაცხადი მოსალოდნელია ივნისში, შვედეთი კი მას მოჰყვება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა, რომ დროა, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს ნატო-ს მიმართ თავის პოზიციას.

„რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც გვეგონა. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან ფრთხილი დისკუსიები, მაგრამ არ უნდა დაგვჭირდეს დიდი დრო, რადგან სიტუაცია ძალიან მძიმეა”, – განაცხადა მან.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, თავის მხრივ, ორი კვირის წინ განაცხადა, რომ შვედეთი აწარმოებს უსაფრთხოების პოლიტიკის მიმოხილვას, რომელიც მომავალი თვის ბოლოს დასრულდება.

„მე არანაირად არ გამოვრიცხავ ნატოს წევრობას”, — განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.

TIMES-ის ინფორმაციით, ქვეყნები ერთად მუშაობენ შიდა კონსენსუსის შესაქმნელად, მაგრამ, ოფიციალური პირების ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებენ.

France 24 წერს, რომ ფინეთი „შუა ზაფხულამდე“ ემზადება ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად იმის შესახებ, მიმართოს თუ არა ნატო-ს გაწევრიანებაზე.

„არასოდეს შეაფასოთ არასათანადოდ ფინელების შესაძლებლობა, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები, როდესაც სამყარო იცვლება“, — განუცხადა AFP-ს ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების დიდი ხნის მომხრეა.

ასევე, CNN ნატო-ში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, ფინეთი და შვედეთი მალე შეუერთდნენ ნატო-ს.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევს.

თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის თქვა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, რუსეთს მოუწევს, დასავლეთის ფლანგი უფრო დაცული გახადოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს გაფართოება არ იქნება განხილული როგორც ეგზისტენციალური საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დააფიქროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი