ახალი ამბები

ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევდა — ზახაროვა

25 თებერვალი, 2022 • 2068
ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევდა — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევს.

„ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, მათ შორის, ფინეთმა და შვედეთმა, დაადასტურეს პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა აშენდეს სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე. აშკარაა, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატო-ში, რომელიც პირველ რიგში სამხედრო ბლოკია, სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც მოითხოვს საპასუხო ნაბიჯებს ჩვენი ქვეყანის მხრიდან“, — განაცხადა ზახაროვამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, პარლამენტში გამოსვლისას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ „ფინეთი მზადაა, გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გამწვავდება“.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების შემდეგ გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი გადაწყვეტენ განაცხადის შეტანას წევრობაზე, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი