ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში დაკითხავენ ომის წინააღმდეგ მიმართვის ხელმომწერებს – ლიანა კვარჩელია

7 აპრილი, 2022 • 2098
სოხუმში დაკითხავენ ომის წინააღმდეგ მიმართვის ხელმომწერებს – ლიანა კვარჩელია

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში რამდენიმე ათეულმა სამოქალაქო აქტივისტმა უკრაინაში ომის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ მიმართვა გაავრცელა, ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა მისი ხელმომწერი დაკითხვაზე დაიბარა. უწყება სხვა ხელმომწერების დაკითხვასაც გეგმავს. ამ ინფორმაციის შესახებ აფხაზეთში სამოქალაქო აქტივისტის, ლიანა კვარჩელიას წერილი ფეისბუკზე გაავრცელეს.

“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასაუბრებაზე დაიბარა მიმართვის ხელმომწერი – შეგახსენებთ, საუბარია მიმართვაზე, რომელიც მოუწოდებს არა ომისკენ, არამედ მშვიდობისკენ! გეგმავენ სხვა ხელმომწერების დაბარებასაც. ხელმომწერებს შორის არის აფხაზეთის სამამულო ომში დაღუპულის დედა. იქნებ რამე გამომრჩა და უკვე შევცვალეთ კონსტიტუცია და სიტყვის თავისუფლება გავაუქმეთ?! ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვკითხო, რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი რატომ დავდგით სანაპიროზე, რა მიზანს ემსახურება?”- წერია ლიანა კვარჩელიას წერილში.

20-ზე მეტი აფხაზი მოქალაქე, რომელთა შორის არიან აქტივისტები და ჟურნალისტები, უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. იმის მიუხედავად, რომ გავრცელებულ ტექსტში მიმართვის ადრესატი არ არის დაკონკრეტებული, ომის შეწყვეტის მოწოდების ადრესატი რუსეთია.


მიმართვას, რომელიც ფეისბუკზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გაავრცელა, თან ახლავს იმ აფხაზი მოქალაქეების კომენტარებიც, რომლებიც უკრაინაში წარმოებულ ომში რუსეთს უჭერენ მხარს და მიმართვის ავტორებს არასწორ პოზიციაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ [2022 წლის 24 თებერვალი] რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აფხაზურმა ოფიციალურმა მხარემ რუსეთის მიერ უკრაინაში გამოცხადებულ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” მხარი დაუჭირა, თუმცა მოქალაქეების მცირე ნაწილმა სოციალურ ქსელებში ღიად ანტისაომარი განცხადებები გააკეთა. უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის რიგებში მსახურობენ აფხაზებიც, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზაზე მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი