ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეწყვიტეთ სისხლისღვრა უკრაინაში | აფხაზი აქტივისტების მოწოდება

5 აპრილი, 2022 • 3250
შეწყვიტეთ სისხლისღვრა უკრაინაში | აფხაზი აქტივისტების მოწოდება

20-ზე მეტი აფხაზი მოქალაქე, რომელთა შორის არიან აქტივისტები და ჟურნალისტები, უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. იმის მიუხედავად, რომ გავრცელებულ ტექსტში მიმართვის ადრესატი არ არის დაკონკრეტებული, ომის შეწყვეტის მოწოდების ადრესატი რუსეთია.

“ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებმაც ოცდაათი წლის წინ გადავიტანეთ ომი, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სისხლისღვრა უკრაინაში! ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს არსებულ დაპირისპირებას, რომელიც მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ცოცხალი და ძალიან მოწყვლადი არსებები! თუკი ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს ადამიანურ არსს, გავანადგურებთ ყოველივე ცოცხალს. ჩვენ ვავედრებით საღ აზროვნებას და პასუხისმგებლობას ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია ამ სისხლისღვრის შეჩერება და ჭეშმარიტად მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის თავიდან აცილება”.

მიმართვას, რომელიც ფეისბუკზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გაავრცელა, თან ახლავს იმ აფხაზი მოქალაქეების კომენტარებიც, რომლებიც უკრაინაში წარმოებულ ომში რუსეთს უჭერენ მხარს და მიმართვის ავტორებს არასწორ პოზიციაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ [2022 წლის 24 თებერვალი] რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აფხაზურმა ოფიციალურმა მხარემ რუსეთის მიერ უკრაინაში გამოცხადებულ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” მხარი დაუჭირა, თუმცა მოქალაქეების მცირე ნაწილმა სოციალურ ქსელებში ღიად ანტისაომარი განცხადებები გააკეთა. უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის რიგებში მსახურობენ აფხაზებიც, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზაზე მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი