საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში „არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, დაწერილია ევროპარლამენტის კვლევის ცენტრის მიერ და ეხმარება ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში“.
ელჩის თქმით, ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნები ეკუთვნით ავტორებს, თუმცა იგივე საკითხები არაერთხელ წამოუწევია ოფიციალურ ბრიუსელს და პირადად მას.
„ბევრი ის საკითხი, რაც ამ ანგარიშშია დაყენებული, მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლარიზაცია მედიაში, კითხვები სასამართლო რეფორმებთან, არჩევნებთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, — იცით, რომ ბევრი ეს გამოწვევა წამოწია ოფიციალურმა ბრიუსელმაც, ისევე, როგორც მე აქ.
ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს არის პრობლემები, რომელთან დაკავშირებითაც განხილვები გრძელდება საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კუთხით. ვფიქრობ, კომისია მალე წარადგენს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით“, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების განახლებული შეფასების თანახმად, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მოთხოვნით ევროპარლამენტის კვლევის სამსახურმა (EPRS) მოამზადა, 2020 წლის აპრილიდან საქართველომ სერიოზულად უკან დაიხია ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების მხრივ.








