ახალი ამბები

5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე კიდევ 7 პირის განაჩენი გამოცხადდა

6 აპრილი, 2022 • 1134
5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე კიდევ 7 პირის განაჩენი გამოცხადდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე კიდევ 7 ბრალდებულის განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება 126-ე – ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა და, შესაბამისად, სასჯელის ზომა შეუმსუბუქდა.

ბრალდებულთაგან 3 პირს, ჟურნალისტებზე ძალადობა ედებოდა ბრალად, დანარჩენ 5-ს კი, მოქალაქეზე.

ირაკლი წიგნაძე – 1 წლით პატიმრობა;
ბაქარი მაისურაძე – 1 წლით პატიმრობა;
ნიკოლოზ დადვანი – 1 წლით პატიმრობა;
მუხრან დადვანი – 1 წლით პატიმრობა;
თორნიკე გაბელიანი – 1 წლით პატიმრობა;
ვანო ბურდული – 1 წლით და 6 თვით პატიმრობა;
დავით ქოჩიაშვილი – 1 წლით პატიმრობა.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

5-6 ივლისის მოვლენებზე ჯამში 27 ადამიანია დაკავებული. მათგან, 20-ის განაჩენი უკვე ცნობილია. მსჯავრდებულებს შორის არიან ის პირებიც, ვინც ტელეკომპანია პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სცემა, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროა. დასკვნის გასაჯაროებული  ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.

ექსპერტიზის დასკვნამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე მსჯავრდებულები არიან:

დავით კუტალაძე – 5 წლით პატიმრობა;
ოთარ გელაშვილი – 5 წლით პატიმრობა;
ცოტნე ჩიხლაძე – 5 წლით პატიმრობა;
გია გიგუაშვილი – 5 წლით პატიმრობა;
თირნიკე დავლაშერიძე – 5 წლით პატირობა;
აკაკი ნაკაშიძე – 5 წლით პატიმრობა.

ამასთან, პატიმრობა მიესაჯა კიდევ 7 პირს, რომლებმაც 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე იძალადეს, ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და დევნიდნენ:

ზაზა ჭაავა  – 1 წლით პატიმრობა;
მურად დევლარიშვილი  – 1 წლით პატიმრობა;
გენო გერმანიშვილი – 3 წლით პატიმრობა;
გიორგი ხეჩუაშვილი – 3 წლით პატიმრობა;
თედო ბურდული – 3 წლით პატიმრობა;
გიორგი მაღრაძე – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა;
გიორგი წარუაშვილი – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი