ახალი ამბები

5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის განაჩენი გამოცხადდა

4 აპრილი, 2022 • 803
5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის განაჩენი გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-6 ივლისის ძალადობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანის გადაწყვეტილებით, რომელიც 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავდა, ყველა განსასჯელი გამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლში, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ბრალდებულთა ნაწილი ცნობილ იქნა დამნაშავედ ძალადობის მუხლით, ნაწილს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებად.

ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 და 156 მუხლებში, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და დევნას გულისხმობს.

მათ მიესაჯათ შემდეგი სახის სასჯელი:

  • ზაზა ჭაავა  – 1 წლით პატიმრობა;
  • მურად დევლარიშვილი  – 1 წლით პატიმრობა;
  • გენო გერმანიშვილი – 3 წლით პატიმრობა;
  • გიორგი ხეჩუაშვილი – 3 წლით პატიმრობა;
  • თედო ბურდული – 3 წლით პატიმრობა;
  • გიორგი მაღრაძე – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა;
  • გიორგი წარუაშვილი – 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა;

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი