უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, გერმანია 40 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. დიპლომატები ეჭვმიტანილნი არიან ჯაშუშურ სააგენტოებთან კავშირებში. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
დღეს, 4 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ გადაწყვიტა, რუსეთის საელჩოს თანამდებობის პირთა “მნიშვნელოვანი რაოდენობა” გერმანიისთვის “არასასურველად გამოეცხადებინა”:
“სურათები ბუჩიდან მოწმობს რუსეთის ხელმძღვანელობის და მისი პროპაგანდის მიმდევართა სისასტიკეს. ამიტომ ფედერალურმა მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, არასასურველად გამოაცხადოს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვინც აქ, გერმანიაში ყოველდღიურად მუშაობდნენ ჩვენი თავისუფლების და საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გერმანია გაამკაცრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას:
“ჩვენ ვიწყებთ შემდგომ რეაგირებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს, ჩვენ გადამწყვეტად გავზრდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერას და გავაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგსაც”, – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყება BBC. AFP-ის რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვია უკნიდან აქვს მოხვედრილი.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, კიევის მიმდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკარაინა შეიარაღებას მიიღებს.
მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც. მანაც მომხდარი ხოცვა-ჟლეტად შეაფასა და განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ისევე როგორც უკანონო და უსაფუძვლო რუსეთის ომს უკრაინის წინაარმდეგ. სანდუმ 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოაცხადა.