“მარტივად რომ ვთქვათ, ეს სიცრუეა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი ხელს აფარებს მათ საქმიანობას.
“ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით კი ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
Simply put, this is a lie! This type of disinformation from a partner country, especially in these circumstances, is totally unacceptable. https://t.co/xAm9nwD3Gd
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) April 4, 2022
აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა.
“საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის დიდი ასორტიმენტის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდულ არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – აღნიშნავდა სამმართველო განცხადებაში.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც და უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“ უწოდა.








