ახალი ამბები

სამირა ბაირამოვამ “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის კედლებზე ანტისაოკუპაციო მასალები გააკრა

2 აპრილი, 2022 • 4629
სამირა ბაირამოვამ “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის კედლებზე ანტისაოკუპაციო მასალები გააკრა

სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ პრორუსული”კონსერვატიული მოძრაობის” მარნეულის ოფისის კედლებზე ანტისაოკუპაციო მასალები გააკრა. ამ ფორმით მან კიდევ ერთხელ გააპროტესტა “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის გახსნა ქალაქში.

ბაირამოვამ ოფისის კარზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის ფოტო განათავსა, კედლებზე კი დატოვა ფურცლები წარწერებით “რუსეთი ოკუპანტია” და “გახსოვდეს 8 აგვისტოს ომი”.

აქტივისტმა ოფისის გარე ფასადზე ასევე დატოვა ვლადიმერ პუტინის ფოტოები, წარწერით “მკვლელი”, ისევე როგორც ინფორმაცია აგვისტოს ომის დროს დაჭრილი/ დაშავებული ქართველი სამხედროებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის შესახებ.

“ალტ-ინფოს მარნეულის ოფისში ვიწყებ ცნობიერების ამაღლების უფასო სასწავლო კურსს! კურსი: გვახსოვდეს 8 აგვისტო! 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი, 8 აგვისტო!

ამ თარიღების ფონზე სირცხვილია რუსეთის სიყვარულზე საუბარი. უნდა გრცხვენოდეს იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის სიცოცხლე დაკარგა”, — წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

მარნეულელმა აქტივისტმა “ალტ-ინფოს” პარტიის, პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა თავდაპირველად 14 მარტს გააპროტესტა და შენობის ფანჯრებზე უკრაინის, ასევე, ევროკავშირის დროშები  დახატა, რის შემდეგაც თქვა, რომ ემუქრებოდნენ.

17 მარტს ბაირამოვამ განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს, კვლავ ემუქრებოდნენ და ორ დღეს აძლევდნენ. აქტივისტის ინფორმაციით, აღნიშნული აქცია მარნეულში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ პარტიის წევრი არ არის.

რამდენიმე დღის შემდეგ, 20 მარტს, ბაირამოვამ თქვა, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა და მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გარეფასადზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის შემცველი ეპიზოდების გამოძიება სსკ-ის 151-ე(მუქარის) მუხლით აქვს დაწყებული.

ამავე დროს, ცნობილია, რომ პრორუსული პარტიის ოფისის ფანჯრებზე დროშების დახატვის შემდეგ შსს-მ ბაირამოვას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. აქტივისტს ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას ედავებოდნენ. მარნეულის სასამართლომ საქმე განიხილა და სიტყვიერი შენიშვნა მისცა აქტივისტს.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი