ახალი ამბები

„ალტ-ინფომ“ თავისი პირველი მუქარა შეასრულა – სამირა ბაირამოვა

20 მარტი, 2022 • 5220
„ალტ-ინფომ“ თავისი პირველი მუქარა შეასრულა – სამირა ბაირამოვა

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა და მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გარეფასადზე შეუარაცხმყოფელი წარწერები დატოვა.

„ალტ-ინფო თავისი პირველი მუქარა შეასრულეს, მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს! კარგად იციან რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაცია! იმედი მაქვს შსს ესმის, რომ ისინი რამდენად საშიში არიან“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

აღნიშნულის შესახებ ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდა.

14 მარტს სამირა ბაირამოვამ „კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მუქარის სამიზნე გახდა.

აქტივისტის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს.

17 მარტს სამირა ბაირამოვამ, რომელმაც მარნეულში პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს და კვლავ ემუქრებიან.

„ალტ-ინფოს“ ხალხი ჩამოვიდნენ მარნეულში და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ. სასაცილო ისაა, რომ შეეშალათ მისამართი და მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან. თურმე ამბობენ, რომ მე საკრებულოს დეპუტატი ვარ. ნუ შემაშინებთ, სიმართლე გაიმარჯვებს“, — წერდა ბაირამოვა.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი