ახალი ამბები

აქტივისტმა “ალტ-ინფოს” პარტიის მარნეულის ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და EU-ს დროშები დახატა

14 მარტი, 2022 • 1885
აქტივისტმა “ალტ-ინფოს” პარტიის მარნეულის ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და EU-ს დროშები დახატა

მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ “ალტ-ინფოს” პარტიის, პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.

ამავე შენობის ფასადზე განთავსებულ ბანერზე ბაირამოვამ დაწერა: “რუსეთი ოკუპანტია”.

“მთავრობა და სუსი საფრთხეს არ ხედავს, მე ვხედავ… რა ვქნათ, არ გვყავს ისეთი სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეებს. მაგრამ ეს სახელმწიფო, ეს ქვეყანა ხალხის მხრებზე დგას, ვიცავდით, დავიცავთ”, – წერს აქტივისტი “ფეისბუკზე”.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. 14 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი