ახალი ამბები

ვერ ვხედავ ვითარების შეცვლის რესურსს – კობახიძე უკრაინასთან ურთიერთობაზე

1 აპრილი, 2022 • 1633
ვერ ვხედავ ვითარების შეცვლის რესურსს – კობახიძე უკრაინასთან ურთიერთობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არის „შეურაცხყოფა“; გაიმეორა, რომ ენმ-ის ლიდერები უკრაინის მთავრობაში არიან და ამ ვითარებაში ურთიერთობების შეცვლის რესურსს ვერ ხედავს.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე“ მაქსიმუმს აკეთებდა უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და „ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დავინახეთ“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა კობახიძემ 31 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „შედგა თუ არა უკრაინის ხელისუფლებასთან რაიმე კომუნიკაცია“, კობახიძემ კვლავ განაცხადა, რომ არსებობს „უნიკალური“ მოცემულობა, როდესაც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები უკრაინის მთავრობაში არიან:

„ისინი უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე არიან და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ვითარების რადიკალურად შეცვლა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მოვაკლებდით მცდელობას, თუმცა ასეთ ვითარებაში მე ვერავითარ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. კომუნიკაციის მცდელობები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ნაბიჯები არ გადმოდგმულა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უფრთხილდება უკრაინის ხელისუფლებას, „მიუხედავად იმისა, რომ ეს მოფრთხილება წლების განმავლობაში არის ცალმხრივი“.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თავდაპირველად 25 მარტს განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციაში მყოფი ადამიანები უკრაინაში ხელისუფლებაში არიან.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა  გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

უკრაინასა და რუსეთს შორის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარეკებელია ასევე წარმოშობით ქართველი დავით არახამია, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის ფონზე, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანა „სანქციებს არ შეუერთდებოდა“, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვს. 30 მარტს კი განაცხადა, რომ „საქართველოდან ელჩი დაბრუნებულია“.

„არიან ისეთები, ვინც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად, რათა უკრაინამ თავისი მომავლის უზრუნველყოფა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ტყუილად კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის. დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას ასეთი ადამიანის — მაროკოდან უკრაინის ელჩის — გაწვევის შესახებ. საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი. მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად: არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არანაირი შეზღუდვა რუსული ბიზნესისთვის? — გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოში უკრაინის საელჩოში ჯერჯერობით განმარტებას ვერ აკეთებენ, ზელენსკიმ გუშინდელი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან მოხსნა ელჩი დოლგოვი თუ იგი კონსულტაციებისთვისაა გაწვეული. დოლგოვი ამჟამად თბილისში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი