ახალი ამბები

გიმნაზიის მოკრძალებული ხიბლი

8 აგვისტო, 2011 • 1353
გიმნაზიის მოკრძალებული ხიბლი

 იმის მიუხედავად, რომ სტეფანწმინდაში არსებული ერთადერთი საჯარო სკოლის დახურვის შესაძლებლობას განათლების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს, სკოლის მასწავლებლებს ამის შიში მაინც აქვთ. მიზეზი კი ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონია, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, თუმცა დაფინანსებას განათლების სამინსიტროსგანაც იღებს.

როგორც სტეფანწმინდის მკვიდრი და საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი, თინათინ მხეიძე ამბობს, უკეთესი პირობების გამო, რაც ორმაგი დაფინანსებით არის განპირობებული, ბევრმა ბავშვმა საჯარო სკოლა დატოვა და სასწავლებლად პანსიონში გადავიდა. ეს კი საჯარო სკოლის ფინანსებზე აისახა, რადგან სკოლები ვაუჩერის პრინციპით ფინანსდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლის დაფინანსება მოსწავლეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

“ეს ბავშვები იქ (გიმნაზიაში) რომ სწავლობენ, აქ (საჯარო სკოლაში) უნდა სწავლობდნენ. ახლა კონკურენტი ჩაგვიდგა ზუსტად ას მეტრში. იქ უკეთესი პირობებია ვიდრე აქ,”- ამბობს მხეიძე.

საჯარო სკოლაში დღეს 170 ბავშვი სწავლობს, გიმნაზია-პანსიონში კი 130.

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონია ადრე ინტერნატი იყო, სადაც უდედმამო და სოციალურად დაუცველი ბავშვები ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც ბავშვთა სახლი გაიძარცვა, შენობა საპატრიარქოს გადაეცა, 1999 წელს კი აქ გიმნაზია შეიქმნა.

ლეილა ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის რაიონის რესურსცენტრის უფროსი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც სტეფანწმინდელები გიმნაზიას ანიჭებენ უპირატესობას:

“აქ ცოტათი გაძლიერებულად სწავლობენ რელიგიის ისტორიას და იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი მართლმადიდებლები ვართ, ამანაც დიდი როლი ითამაშა, რომ კონტიგენტი იქ მივიდა და არა დაბა სტეფანწმინდის საჯარო სკოლაში. დანარჩენი სკოლები არის ყველა მცირეკონტიგენტიანი და არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ რელიგიის ისტორია ისწავლებოდეს”.

მისი თქმით, გარდა ამისა, გიმნაზიის კურსდამთავრებულები ძირითადად მიდიან საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ეროვნული გამოცდების გარეშე წარმოებს სტიდენტების მიღება.

გიმნაზია-პანსიონის პრორექტორ, ციცინო ღუდუშაურისთვის პრობლემა, რომელიც საჯარო სკოლას აწუხებს ცნობილია. თუმცა მისი თქმით, ის, რომ მშობლები ბავშვების გიმნაზიაში სწავლას არჩევენ, ბუნებრივია:

“საჯარო სკოლებში მეათე მეთერთმეტე მეთორმეტე კლასების მოსწავლეები საერთოდ არ დადიან და მშობლებს ამჯობინებენ, რომ გიმნაზიაში ატარონ. აქ მეტი მეთვალყურეობაა”.

სკოლებს საერთო მასწავლებლებიც ჰყავთ, მაგალითად ინგლისურის და მათემატიკის მასწავლებელი ორივე სკოლაში ასწავლის.

საფრთხე, რომელზეც საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები საუბრობენ, და რაც სკოლის შესაძლო დახურვას გულისხმობს, სკოლის ბოლოდროინდელი  სტატისტიკიდან გამომდინარეობს.

მაგალითად, თუ სტეფანწმინდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში 28 ბავშვი სწავლობს, მეთერთმეტეში – 20–ია, პირველ და მეორე კლასებში ბავშვების საერთო რაოდენობა 9-ს არ აღემატება.

“რომ დავუშვათ, რომ ბავშვები  პირველ კლასში იქ მივიდნენ  და ჩვენთან აღარ, არ ვიცი რა იქნება. არა მგონია  საჯარო სკოლის დახურვა  ასე შეიძლებოდეს”, – ამბობს სკოლის დირექტორი მანანა ქირიკაშვილი.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლას დახურვა არ ემუქრება.

“სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ  სტეფანწმინდის საჯარო სკოლას დახურვა არცერთ შემთვევაში არ ემუქრება”– განუცხადა “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესამსახურმა.

თუმცა, თანხა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ  სკოლისთვის არის გამოყოფილი, დირექტორის და სკოლის მასწავლებლების თქმით,  საკმარისი არ არის იმის მიუხედავად, რომ გაზის გადასახადს სკოლაში მთლიანად სამინისტრო ფარავს.

“ის ბავშვებიც (გიმნაზიის მოსწავლეები) რომ აქ სწავლობდნენ და იმ ბავშვების ვაუჩერიც გვქონდეს, გავძლებდით. ჩვენ ხელფასებზე გვყოფნის მარტო სახელმწიფო დაფინანსება, დანარჩენზე კაპიკი არ გვაქვს, ცოცხი ვერ გვიყიდია, საოფისე მასალა ვერ გვიყიდია, ქაღალდი ვერ გვიყიდია”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე საჯარო სკოლის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, სკოლაზე შემდეგი ჩანაწერია: საჯარო სკოლა სრულად არის რეაბილიტირებული.

თუმცა ამჟამად მოსწავლეები თავად არემონტებენ საკლასო ოთახებს. მასწავლებლების თქმით, ეს თავად ბავშვების ინიციატივაა.

მოსწავლეების სკოლას თავად არემონტებენ

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი