საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივია.
მან ეს განცხადება, დღეს 21 მარტს, მარნეულში ვიზიტისას გააკეთა.
„მთელ მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა.
ჩვენ ვართ ოკუპირებულნი და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ეს ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, აქციები ორგანიზებული იყო ანტიეროვნული და მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარებელი ჯგუფების მიერ.
„იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას.
ესაა მეხუთე კოლონა, შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინაში ომი 26-ე დღეა მიმდინარეობს.