ახალი ამბები

საფრანგეთი „ვრემიას“ ეთერში ბანერით გამოსულ ჟურნალისტს თავშესაფარს შესთავაზებს

15 მარტი, 2022 • 1073
საფრანგეთი „ვრემიას“ ეთერში ბანერით გამოსულ ჟურნალისტს თავშესაფარს შესთავაზებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს ჟურნალისტების დაკავებას, ისევე როგორც,ყოველგვარ მანიპულაციებს, და აღნიშნავს, რომ გეგმავს გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები:

„ვგეგმავთ გადავდგათ დიპლომატიური ნაბიჯები, რათა ოვსიანიკოვას დაცვა შევთავაზოთ საელჩოში ან თავშესაფარში“, – თქვა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ გეგმავს, ჟურნალისტის საკითხი დასვას ვლადიმერ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბრისას.

რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ. ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“.

ოვსიანიკოვას ედავებიან „საჯარო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო“. ის გუშინ, პირდაპირი ეთერის გასვლის შემდეგ მალევე დააკავეს. ჟურნალისტს დღევანდელი დღის შუადღემდე ადვოკატები ვერ უკავშირდებოდნენ.

მარინა ოვსიანიკოვას პლაკატზე ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.

მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი