საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მაკრონმა განაცხადა, რომ ის ელის ისეთივე მკაფიო პასუხს პუტინისგან, როგორიც მიიღეს ზელენსკისგან მან და ევროპელმა ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ.

“კიევში, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ გავაკეთეთ ცხადი წინადადება: უპირობო, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აიღო ეს ვალდებულება. ჩვენ ველით თანასწორად მკაფიო პასუხს რუსეთისგან.

შეუძლებელია მოლაპარაკებები მაშინ, როცა იარაღი საუბრობს. არ არსებობს დისკუსია, თუ პარალელურად მოსახლეობა იბომბება. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა დისკუსიის დაწყებისთვის. მშვიდობისთვის”, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონმა, ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებთან, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიც მეცთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისთან ერთად კიევში ოფიციალური ვიზიტისას მხარეებს შესთავაზა ომის შეწყვეტა 30 დღით. უარის შემთხვევაში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე მზეობა გამოთქვეს.

საპასუხოდ, პუტინმა ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.

დასავლელი ლიდერების შეთავაზებით, ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათს, 12 მაისს უნდა დაიწყოს. პუტინის საპასუხო ინიციატივით კი ის “წინაპირობების გარეშე” მოსალაპარაკებლად მზადყოფნას გამოთქვამს ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან.

ამავე თემაზე: