საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართა ფრანგ ხალხს და თქვა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ახალი ეპოქისთვის, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების იმედად ვეღარ დარჩება.
ბრიუსელში 6 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სპეციალური შეკრების წინ, მაკრონმა თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოება აღარაა თავისთავად გარანტირებული და დააანონსა თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯების ზრდა როგორც საფრანგეთში, ისე ევროკავშირის ფარგლებში.
ამასთან, საფრანგეთი ღიაა, განიხილოს თავისი ბირთვული არსენალის დაცვის გაფართოება ევროპელ პარტნიორებზე. მანამდე გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა საფრანგეთთან და ბრიტანეთთან – ევროპის ბირთვულ ძალებთან – დიალოგის სურვილი მათი დაცვის გაფართოებაზე, მიიჩნევს რა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბერლინს შესაძლოა დასჭირდეს აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული ბირთვული ქოლგა.
„ჩვენ ბირთვული შემაკავებელი მექანიზმი გვიცავს: ის არის სრულყოფილი, სუვერენული, თავიდან ბოლომდე ფრანგული. მაგრამ, გერმანიის მომავალი კანცლერის ისტორიული მოწოდების საპასუხოდ, მე გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების ჩვენი (ბირთვული) შეკავების გზით დაცვაზე“, –თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი გლობალური გახადა და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევას ერთიანი პასუხი უნდა გაეცეს.
„თქვენ ლეგიტიმურად შეშფოთებული ხართ იმ ისტორიული მოვლენებით, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს და არღვევს მსოფლიო წესრიგს. ომი უკრაინაში, რომლის შედეგადაც თითქმის მილიონი დაიღუპა და დაშავდა, გრძელდება იგივე ინტენსივობით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა მოკავშირემ, შეიცვალა პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით — ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ტოვებს ეჭვებს მომავალთან დაკავშირებით. ამავე დროს, იგივე შეერთებული შტატები აპირებს საბაჟო ტარიფების დაწესებას ევროპულ პროდუქციაზე. სამყარო სულ უფრო სასტიკი ხდება და ტერორისტული საფრთხეები არ სუსტდება. ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება უფრო გაურკვეველი გახდა. უნდა ითქვას, რომ ახალ ერაში შევდივართ“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მან თქვა, რომ ევროპა სწორად მოიქცა, როდესაც ამ ომში უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა, რამეთუ რუსეთის აგრესიამ საფრთხე შეუქმნა ევროპის უსაფრთხოებასაც.
„მართლაც, თუ ქვეყანას შეუძლია დაუსჯელად შეიჭრას თავის მეზობელ სახელმწიფოში ევროპაში, მაშინ ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, უძლიერესთა კანონი მოქმედებს და მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. ისტორიამ ეს გვასწავლა“, — თქვა მან.
მაკრონმა ხაზი გასვა, რომ რუსული საფრთხე უკრაინის მიღმაც არსებობს და გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე.
„პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების დასახოცად, მანიპულირებს არჩევნებში რუმინეთში, მოლდოვაში… აწყობს კიბერ თავდასხმებს ჩვენი საავადმყოფოების წინააღმდეგ, რათა დაბლოკოს მათი მუშაობა. სოციალურ მედიაში გავრცელებული სიცრუით ცდილობს ჩვენი მოსაზრებების მანიპულირებას და ამოწმებს ლიმიტებს. ის ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაში, კოსმოსში და ჩვენი ეკრანების მიღმა. ამ აგრესიულობას, როგორც ჩანს, საზღვრები არ აქვს და რუსეთი, ამავდროულად, აგრძელებს ხელახლა შეიარაღებას და ამ მიზნით ხარჯავს თავისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტს“, — განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოსკოვი გეგმავს, 2030 წლისთვის გაზარდოს თავისი არმია დამატებით 300 000 ჯარისკაცით, 3 000 ტანკით და 300-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით.
„ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება?“ — იკითხა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი მომდევნო წლების განმავლობაში საფრთხეა საფრანგეთისთვის და დანარჩენი ევროპისთვის.
„დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დამყარდება რუსეთთან ერთად, რომელიც კვლავ გახდება მშვიდობიანი. მაგრამ ახლანდელი სიტუაცია არის ისეთი, როგორიც აღგიწერეთ და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას. ამ საფრთხის სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნებოდა“, – განაცხადა მაკრონმა.
აქედან გამომდინარე, მაკრონის თქმით, საჭიროა შეფერხების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება უკრაინისთვის, ფრანგებისა და ევროპელების უსაფრთხოებისთვის.
ყველა ინიციატივა, რომელიც უკრაინაში მშვიდობას უწყობს ხელს, მაკრონის თქმით, სწორი მიმართულებით მიდის.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების დახმარება წინააღმდეგობის გაწევაში მანამ, სანამ ისინი არ შეძლებენ რუსეთთან მყარ მშვიდობაზე მოლაპარაკებას საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. ამიტომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გაივლის უკრაინის მიტოვებაზე. პირიქით. მშვიდობის მიღწევა არ შეიძლება ნებისმიერ ფასად და რუსეთის დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია. მშვიდობა ვერ იქნება უკრაინის დაცემა და მყიფე ცეცხლის შეწყვეტა. რატომ? აქაც წარსულის გამოცდილება გვაქვს. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს. ჩვენ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება მინსკში. და იგივე რუსეთი არ სცემდა პატივს ამ ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების არარსებობის გამო. დღეს ჩვენ სიტყვაზე ვეღარ ვენდობით რუსეთს. უკრაინას აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება“, — განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მუშაობს ბრიტანეთთან, გერმანიასთან და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან კონტინენტის უსაფრთხოების საკითხებზე და ვალდებულებების გამყარებაზე, რომლებიც აუცილებელია უკრაინისთვის. მისი თქმით, საჭიროა უკრაინის მომზადება, რათა მშვიდობის გაფორმების შემდეგ რუსეთი კვლავ ვერ შეიჭრას მეზობელ სახელმწიფოში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თანახმად, ეს უდავოდ მოიცავს უკრაინის არმიის მხარდაჭერას დროთა განმავლობაში. შესაძლოა, გულისხმობდეს ევროპული ძალების განლაგებას უკრაინაში არა საბრძოლველად, არამედ მშვიდობის გარანტირებისთვის.
„და მე მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები დაგვიდგება გვერდით, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუ ასე არ მოხდა. უკრაინაში მშვიდობა სწრაფად მიიღწევა თუ არა, ჩვენ უფრო მეტად უნდა აღვიჭურვოთ, გავაძლიეროთ თავდაცვა შეკავების და მშვიდობის მიზნით. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ნატოსა და ჩვენი პარტნიორობისა აშშ-სთან, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ და გავაძლიეროთ საკუთარი დამოუკიდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. აუცილებელი არ არის, ევროპის მომავალი ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდეს“, — განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, 6 მარტს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნება რამდენიმე გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ სამხედრო ხარჯები დეფიციტში მათი გათვალისწინების გარეშე; გამოიყოფა ერთობლივი დაფინანსება სამხედრო წარმოებაზე და შესყიდვაზე.
აღნიშნულს ითვალისწინებს ევროპის გადაიარაღების გეგმა (ReArm Europe), რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა.
ევროკომისიის პრეზიდენტის აზრით, ახალი გეგმის ფარგლებში შესაძლებელია თითქმის 800 მილიარდი ევროს მობილიზება თავდაცვისთვის. გეგმის დამტკიცების შემხთხვევაში, ევროკავშირი თავის წევრებს შესთავაზებს 150 მილიარდი ევროს სესხებს თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისთვის, იმავდროულად, შეეცდება კერძო კაპიტალის მობილიზებას.
მაკრონმა ფრანგებს უთხრა, რომ რეფორმებს და თავდაცვის ხარჯების ზრდას დასჭირდება რთული გადაწყვეტილებების მიღება.
მაკრონის თქმით, ევროპა ასევე უნდა მოემზადოს ამერიკული ტარიფებისთვის: „ამ გაუგებარ გადაწყვეტილებას შედეგები ექნება როგორც ამერიკის ეკონომიკისთვის, ასევე ჩვენთვის და უპასუხოდ არ დარჩება“, — თქვა მან, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის გადარწმუნების იმედი დაიტოვა.
„ევროპას აქვს ეკონომიკური სიძლიერე, ძალა და ნიჭი, რომ გაუმკლავდეს სიტუაციას“, — დასძინა ემანუელ მაკრონმა.