ახალი ამბები

ზურაბიშვილი ისე საუბრობს, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს – ბოკერია

14 მარტი, 2022 • 1668
ზურაბიშვილი ისე საუბრობს, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და მის სიტყვას “სადღეგრძელოდ და ნახევრად სიმართლედ” აფასებს. ამის შესახებ ბოკერიამ დღეს, 14 მარტს, პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილმა საკუთარი თავისგან განყენებულად, მხოლოდ სხვები გააკრიტიკა:

“ჩვენ დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და თვითონ არ არის აქაური პოლიტიკური პროცესების ნაწილი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და მისთვის ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავითგარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთ-ერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით ვინ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად?! ეს არის ის ადამიანი, ოღონდ საკუთარ თავზე და მის დანაშაულზე არაფერს იძახის.

და რა მოვისმინეთ მომავალზე, წარსულს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარი სიმართლე. აბსურდული განცხადებები… თურმე ვაშინგტონში და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რა ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. ეს არის აბსურდი და არანაირი კონკრეტიკა. თითქოს იყოს მიმომხილველი ან ოპოზიციაში. არანაირი ნაბიჯები, რომელსაც თვითონ დგამს ამ ვითარებაში. მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც დღესაც კი საკუთარ გამოსვლებში საქართველოს ადანაშაულებს, რომ მაშინ [2008 წელს] საქართველომ თურმე არგუმენტები მისცა რუსეთს საქართველოში შემოჭრისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ საგანგაშოდ მიაჩნია სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლით აღფრთოვანება და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის მიერ ჩამოთვლილი საკითხების უგულებელყოფა. ბოკერია აცხადებს, რომ ზურაბიშვილს წარსული გააზრებული არ აქვს და არც პასუხისმგებლობას იღებს, რომ როგორც პრეზიდენტმა, გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

“ერთიანობაზე რომ საუბრობს და “ქართული ოცნება” პუტინისტურ პროპაგანდას რომ მიერეკება და ყურს არ იბერტყავს, მერე რას შვრება როგორც პრეზიდენტი, უპირისპირდება რეალურად, გარდა ამ ნახევარსიმართლეებისა და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვისა? არა, რა თქმა უნდა. ამიტომ აქ მხოლოდ იმასთან გვაქვს საქმე, რომ საკუთარ მომავალზე ფიქრობს და ხედავს, როგორ იცვლება საზოგადოებრივი აზრი, მაგალითად, ევროპაში. როგორც ჩანს, ამ კალკულაციასთან გვაქვს საქმე, ან რომელიმე სხვასთან”, – თქვა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 14 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, თუ რატომ “სცოდავს ქვეყნის წინაშე” ორივე მხარე.

ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი