ახალი ამბები

რას ნიშნავს EU-ს განცხადება უკრაინის, მოლოდოვისა და საქართველოსთვის

11 მარტი, 2022 • 2988
რას ნიშნავს EU-ს განცხადება უკრაინის, მოლოდოვისა და საქართველოსთვის

ევროკავშირი „აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპული არჩევანს“ და აღნიშნავს, რომ მისი წევრობის განაცხადი სწრაფად გაეგზავნა ევროკომისიას დასკვნის მოსამზადებლად. ევროკავშირის ლიდერებმა განცხადება ამ შინაარსით დღეს, 11 მარტს გამოაქვეყნეს მას შემდეგ, რაც ვერსალში შეხვდნენ ერთმანეთს.

რა იგულისხმება ამ განცხადებაში და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროკავშირი უკრაიანითვის კანდიდატის  სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭებას უჭერს მხარს, ამის შესახებ ნეტგაზეთი  ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

რა თქვა EU-მ უკრაინის გაწევრიანებაზე

ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

  • ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით;
  • ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად;
  • ამის მოლოდინში და გადავადების გარეშე, ევროპული საბჭო ამბობს, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს  კავშირებს და გააღრმავებს პარტნიორობას, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში.

ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ უკრაინა  ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ტვიტი, რომელიც წერდა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციაზე „დიახ“  თქვეს.

„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე“, — დაწერა მან.

ლიეტუვის პრეზიდენტის ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, საზოგადოება უნდა დაეყრდნოს არა ცალკეული ლიდერის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს შეჯერებულ გადაწყვეტილებას.

საერთო განცხადებაში კი, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ახალი არაფერი ყოფილა და მოლოდინი, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ, არც ჰქონია.

„ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება დამაბნეველი იყო და ამან გამოიწვია ჩვენი ემოციური აღტკინება, თითქოს ყველაფერი გადაწყდა. ჩვენ ორი რამ უნდა ვიცოდეთ: 1. ლიეტუვა ყოველთვის უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და 2. მხოლოდ ლიეტუვას გადასწყვეტი არ არის ასეთი საკითხები. ამისთვის საჭირო არის კიდევ 26 წევრი ქვეყნის ლიდერის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ არა იმ ინფორმაციას, რასაც რომელიმე ერთი სახელმწიფოს ლიდერი იტყვის, არამედ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რეალურად რაზე შეჯერდება 27-ვე ქვეყანა.

ეს ტვიტი [ლიეტუვის პრეზიდენტის] ფაქტობრივად იმეორებდა იმას, რაც უკვე დაწყებულია და ახალი არაფერი არ უთქვამს. როდესაც კორეპერმა (მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა) მიიღო გადაწყვეტილება, მათ შორის, იგულისხმებოდა, რომ პროცესის დაწყებაზე „დიახ“ არის ნათქვამი“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, ვერსალის შეკრების შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება ნიშნავს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული პროცედურა არც არსებობს და ამის შეთავაზებას არც გაწევრიანების მსურველი რომელიმე ქვეყნისათვის აპირებენ.

„თუკი დაჩქარებულ პროცედურაში ვგულისხმობთ გაწევრიანების პროცესის რომელიმე ეტაპის გამოტოვებას, პასუხი იყო ცალსახა – ასეთი რამე არ არსებობს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინა, საქართველოსა და მოლდოვის მსგავსად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად სტანდარტულ პროცედურას გაივლის.

კერძოდ,  ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ევროკომისია წევრობის მსურველ ქვეყნებს ვრცელ კითხვარს გაუგზავნის და მასზე დაყრნობით თავის მოსაზრებას გამოაქვეყნებს, სადაც რეკომენდაციას გაუწევს ან არ გაუწევს ევროპულ საბჭოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსიის მინიჭებაზე.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ევროკომისიის კითხვარის შევსებას ქვეყნები სხვადასხვა დროს ანდომებენ, სტანდარტულად კი, ამისათვის აპლიკანტებს დაახლოებით 6 თვე აქვთ.

„მაგალითად, სერბეთმა თვე-ნახევარში შეძლო შევსება, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი იყო ამაში ჩართული, მონტენეგროს სამი თვე დასჭირდა… ასე, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად არის ქვეყანა, რამდენად აქვს მსგავსი გამოცდილება და ჰყავს შესაბამისი ადამიანური რესურსი და აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თუ ეს ყველაფერი აქვს, მაშინ უფრო მალე მოხდება შევსება“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

თუმცა აღნიშნავს, რომ კითხვარზე პასუხების გაგზავნის შემდეგ, შესაძლოა, ევროკომისია წევრობის მსურველ ქვეყანას რამდენიმე ასეული დამაზუსტებელი კითხვით დაუბრუნდეს და ეს პროცესი გაგრძელდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია, ვანო ჩხიკვაძეს ვკითხეთ, ხომ არ არის მოსალოდნელი  მისთვის თუნდაც კითხვარის ფორმატის გამარტივება.

მისი თქმით, ევროკავშირი უკვე ჩამოყალიბდა, რომ ეს სტანდარტული პროცედურა იქნებდა და მოსალოდნელია, რომ უკრაინაც ჩვეულებრივ კითხვარს მიიღებს.

„მე არ მახსენდება ომში მყოფ ქვეყანას შეევსოს კითხვარი. ჯერ ერთი, საინტერესოა, როგორი იქნება ეს კითხვარი უკრაინასთან მიმართებით, რას მოსთხოვენ მას, და მეორე, საინტერესოა, როგორ მოახერხებს უკრაინა ამის შევსებას. დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ ყველაფერს თავს გაართმევენ და ყველაფრის პარალელურად ამის გაკეთებას შეძლებენ. პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანა, რომელსაც ბომბები აცვივა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს ავსებდეს“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე და დასძენს, რომ, სავარაუდოდ,  ევროკომისია ეცდება, კითხვარი რაც შეიძლება მოკლე დროში წარმოადგინოს.

რა თქვა EU-მ საქართველოსა და მოლდოვაზე

ევროპული საბჭოს ხუთპუნქტიანი განცხადების ბოლო, მეხუთე პუნქტში ცალკეა აღნიშნული, რომ საბჭომ მოიწვია კომისია, რათა წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და მოლდოვა უკრიანასთან ერთად ასოცირებული ტრიოს ქვეყნები არიან, ახლა კი თავად უკრაინა თავის განაცხადის ცალკე განხილვას ითხოვს, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვკითხეთ,  რას შეიძლება ნიშნავდეს  საქართველოსა და მოლდოვას ცალკე პუნქტში მოხსენიება.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, ის, რომ ევროკავშირმა საქართველო და მოლდოვა უკრაინასთან ერთად არ დააყენა და მათ დონეზე არ განიხილა, აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინაა. თუმცა, მისი თქმით, საქართველოსა და მოლდოვისთვისაც გაწევრიანების ისეთივე პროცედურა იქნება, როგორიც უკრაინის შემთხვევაში.

„ერთად მივდივართ, საწყისი პოზიციები ყველას ერთი გვაქვს და გადაწყვეტილება ყველასთან მსგავსია და ახლა დანარჩენი ქვეყნებზეა დამოკიდებული. ზოგმა შეიძლება მალე შეავსოს ეს კითხვარი, ზოგმა გვიან შეავსოს, ზოგს ადრე მისცენ კანდიდატის სტატუსი, ზოგისთვის დააგვიანონ.

ახლა, ფაქტობრივად, ჩაირთო ერთგვარი შეჯიბრობითობის პრინციპი, რასაც ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა, მაგალითად, თუნდაც ვიშეგრადის ქვეყნებთან მიმართებით – ისინი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ადრე გადაკვეთდა ფინიშის ხაზს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც იგივე მიდგომას იყენებს ევროკავშირი და ფიქრობს, რომ ერთგვარი შეჯიბრებაა საქართველოს, უკრაიანასა და მოლდოვას შორის“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

უკრაინისგან განსხვავებით, ბოლო პუნქტში საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით არც ის ყოფილა ნათქვამი, რომ ისინი ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან. ვანო ჩხიკვაძის თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია და პრობლემას არც ეს წარმოადგენს.

„ჩვენთვის მთავარია არა მარტო ეს ფრაზა, არამედ ის ფრაზაც, რაც არის ჩაწერილი ასოცირების ხელშეკრულებაში, სადაც ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო. კარგი იქნებოდა, ჩვენც ისე მოგვეფერებოდნენ, როგორც უკრაინას, მაგრამ გასაგებია, რომ მისი მდგომარეობა სულ სხვა არის და დღეს მას უფრო სჭირდება მოფერება, ვიდრე საქართველოს. ის, რომ ჩვენ ასე არ მოგვიხსენიებენ, ჩემთვის გასაგებია და პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს“, – განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ ნეტგაზეთს.


რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი  მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი