საზოგადოება

ბაჩიაშვილის თქმით, გაიტაცეს და საქართველოში “აირზენას” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს

29 მაისი, 2025 •
ბაჩიაშვილის თქმით, გაიტაცეს და საქართველოში “აირზენას” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იმ გაიტაცეს და საქართველოში “აირზენას” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი საქმის სხდომაზე განაცხადა.

“არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. დღეს მე კიდევე ერთი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახისთვის შეტყობინებისთვის და დალაპარაკების შესაძლებლობის გარეშე. შემდგომ, პირდაპირ, მოტაცებული ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველანაირი კანონის დარღვევით, მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში.

საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს. სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით. მაგრამ, ამჯერად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს საკუთარ თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა, რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა. იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მან სხდომაზე მოითხოვა, ახალი გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბიზნესმენი ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებას სხვა ისეთი დეტალებიც მიაწოდოს, რომელიც სასამართლოზე არ უთქვამს.

“არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევე ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყნაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს მთელი სახელმწიფო, ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა “ჯორჯიან ეარვეისს“. კომპანიაში გვითხრეს, რომ კერძო პირების მიერ ავიარეისების დაქირავება ყოველდღიურად ხდება. თუმცა შემკვეთისა და მგზავრების შესახებ პერსონალური ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.

განახლება: “ჯორჯიან ეარვეისმა” წერილობითი განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ ავიაკომპანიის პოზიციას სრულად:

“ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს. გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია”.

ბაჩიაშვილს არ დაუსახელებია ქვეყანა, საიდანაც ის გაიტაცეს, თუმცა, ბრიტანული გარდიანის თანახმად, ბაჩიაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოიყვანეს.


ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა.

ბაჩიაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დატოვა. იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.

ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ როგორც მან, ისე მისმა ადვოკატმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია მისი შესაძლო მკვლელობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი