ახალი ამბები

რუსეთის ათასობით მოქალაქე ფინეთს მიაწყდა

6 მარტი, 2022 •
რუსეთის ათასობით მოქალაქე ფინეთს მიაწყდა

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთის ათასობით მოქალაქე ფინეთში ცდილობს გადასვლას მოსალოდნელი ე.წ. სამხედრო კანონის ამოქმედების შიშით.

თუ რუსეთის ხელისუფლებამ „სამხედრო კანონი“ აამოქმედა, ეს, პირველ რიგში, თავად რუსეთის მოსახლეობას დააზარალებს — შეიზღუდება ქვეყნიდან გასვლა, კიდევ უფრო შეიზღუდება საინფორმაციო სივრცე და დაწესდება რიგი აკრძალვებისა, მათ შორის ფინანსებზე, რაც მოქალაქეებზე გავლენას მოახდენს.

ფინეთის სარკინიგზო კომპანია VR-ის განცხადებით, შემდგომ დღეებში სრულად დაჯავშნილია ადგილები სარკინიგზო რეისებზე რუსეთიდან ფინეთის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მატარებლები ფინეთიდან რუსეთში, პრაქტიკულად, ცარიელი ბრუნდებიან, ფინური სარკინიგზო კომპანია მაინც აპირებს რეისების რაოდენობის გაზრდას, რათა მზარდ მოთხოვნას უპასუხოს.

იმის გამო, რომ რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ საჰაერო სივრცეები ჩაუკეტეს, რუსეთში მყოფი ადამიანებისთვის, სხვა ქვეყნებში გადასვლა, პრაქტიკულად, მხოლოდ სახმელეთო გზით არის შესაძლებელი.

როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, გარდა მატარებლებისა, მთლიანად დაჯავშნილია ადგილებზე ავტობუსებშიც, რომლებიც რუსეთიდან მოძრაობენ ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით.

ის, რომ რუსეთის ათასობით მოქალაქე შეიძლება საქართველოშიც ჩამოვიდეს, ბოლო დღეებში აქტიური მსჯელობის თემაა ფეისბუკზე საქართველოს მოქალაქეებში. აღნიშნული დისკუსია წამოიწყო მას შემდეგ, რაც ტელეგრამზე შეიქმნა ათეულობით ჯგუფი, სადაც რუსები ცდილობენ თვითორგანიზებას, ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს საქართველოში ჩამოსვლასთან, აქ ბინების ყიდვა-ქირაობასთან და სამსახურების შოვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 მარტს თქვა, რომ „ინფორმაცია, რუსეთიდან მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის ნაწილია“ და მსგავსი რამ არ ხდება.

რუსეთის მოქალაქეთა ნაწილმა ბოლო დღეებში რუსეთის დატოვება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინაში 24 თებერვალს ომის დაწყების გამო დასავლურმა სახელმწიფოებმა მძიმე სანქციები დაუწესეს, მათ შორის, რუსულ ბანკებსა და კომპანიებს. გარდა ამისა, საკვების, ავეჯის, ავტომობილების, ტანსაცმლისა და ტექნიკის მსოფლიო ბრენდებმა განაცხადეს რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება ასეულობით კომპანიამ მიიღო და მათ შორის არიან იკეა, იუსკი, მერსედესი, პორშე, ფორდი, ბმვ, კოკა-კოლა, ნაიკი, ადიდასი, ეფლი, სამსუნგი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი