ახალი ამბები

რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, საქართველო დააყენონ თავდაყირა — ზალკალიანი რუსეთზე

28 თებერვალი, 2022 • 3106
რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, საქართველო დააყენონ თავდაყირა — ზალკალიანი რუსეთზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ დღეს საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და ამით ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებას.

„რა გგონიათ თქვენ, პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს, როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან? მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით – თვეობით ჯარებისა და კონტიგენტის მოყვანა აქ. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო დააყენონ თავდაყირა“, – ამბობს ზალკალიანი. მას ჟურნალისტებმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჰკითხეს, თუ რატომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველო.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, საქართველო დასავლელ პარტნიორებს აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელ საფრთხეებზე.

„როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ, ან როგორ აპირებენ?! ის, რომ ბორელთან [საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი] სატელეფონო საუბრის შემდეგ გუშინ… გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ჩვენ ევროპულ პარტნიორებს გვაქვს? ეს დიდი პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს“, — დასძინა ზალკალიანმა.

იმის დასტურად, რომ საქართველო „უკან არ იხევს მკაცრი ზომებისგან“, ზალკალიანმა გაიხსენა 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის შეერთება, რა დროსაც ასევე ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი.

„მაგრამ როდესაც საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, ქვეყნის მხრიდან დაწესებულ სანქციებზე, პრემიერ-მინისტრმა კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ. და ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენ ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებს. ხომ არ გგონიათ, ამაზე საუბარი არ გვაქვს?

როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერ-მინისტრი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა მისი მხრიდან. იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც თქვენ წინაშე აქვს, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. რა გგონია, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობით და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინაშე ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია“, — თქვა ზალკალიანმა დღეს, 28 თებერვალს.


დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მისი აზრით, თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება.

ამ განცხადების გამო დღეს მოქალაქეები 19:00 საათზე ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას თბილისში მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი