ახალი ამბები

ზახაროვა, სოლოვიოვი და სხვა პროპაგანდისტები EU-ს სანქციებში მოხვდნენ – მედია

23 თებერვალი, 2022 • 1478
ზახაროვა, სოლოვიოვი და სხვა პროპაგანდისტები EU-ს სანქციებში მოხვდნენ – მედია

ორი გამოცემა, The Insider და „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო (Radio Svoboda) იუწყება, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა შორის რუსი პროპაგანდისტებიც მოხვდნენ.

საუბარია სანქციაზე, რომელიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო,. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა.

The Insider ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მათ დაუდასტურა „ევროკავშირის სტრუქტურებიდან წყარომ”. Radio Svoda კი იუწყება, რომ სანქცირებულთა სიაში არიან დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, სამთავრობო მედიის „Russia Today“ ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი. ამ უკანასკნელს, ალექსეი ნავალნის გამოძიების თანახმად, იტალიაში, ტბა კომოსთან რამდენიმემილიონიანი ვილა აქვს. 

ასევე ამავე სიაში იმყოფებიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო.

სანქციების თანახმად, ამ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველანაირი აქტივი ეყინებათ, ასევე ეკრძალებათ EU-ს ტერიტორიებზე შესვლა და ამ ტერიტორიების გავლით ნებისმიერი სახის ტრანზიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი