ახალი ამბები

ბერლინი დათანხმდა ნიდერლანდებიდან უკრაინაში გერმანული RPG-ების ექსპორტს — მედია

26 თებერვალი, 2022 •
ბერლინი დათანხმდა ნიდერლანდებიდან  უკრაინაში გერმანული RPG-ების ექსპორტს — მედია

გერმანიამ ნიდერლანდებს უფლება მისცა, გაუგზავნოს უკრაინას გერმანული წარმოების 400 ნაღმტყორცნი(RPG) რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას ევროპული გამოცემები ავრცელებენ.

Reuters გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ნიდერლანდებიდან უკრაინაში ზემოხსენებული იარაღის გაგზავნაზე ბერლინის თანხმობა უკვე გაცემულია.

ამავეს წერს გამოცემა Politico-ც, ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მასალის ავტორის სიტყვებით, ეს აღნიშნავს “ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებას ევროკავშირიდან და ნატო-დან მოკავშირეების ზეწოლის ფონზე”.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ გერმანია თავადაც მიაწვდის უკრაინას 1 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და ”სტინგერის” 500 რაკეტას.

მანამდე, გერმანია მკაცრად მიჰყვებოდა პრინციპს, რომლის მიხედვითაც ის არ აგზავნიდა იარაღს კონფლიქტის ზონებში და არც სხვა სახელმწიფოებს რთავდა ნებას, მესამე ქვეყნებისათვის მიეწოდებინათ გერმანიაში დამზადებული იარაღი.

ასე მოხდა, მაგალითად, ესტონეთის შემთხვევაში, რომელსაც სურდა, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაეგზავნა უკრაინისთვის ძველი გერმანული ჰაუბიცები, თუმცა ბერლინისგან შესაბამისი თანხმობა ვერ მიიღო. მედიის ინფორმაციით, ახლა, როცა რუსეთი ღია ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, გერმანიამ ესტონეთსაც აუნთო მწვანე შუქი კიევისთვის იარაღის გაგზავნაზე.

გერმანიის ეს მიდგომა შეშფოთებას იწვევდა ევროპელ ოფიციალურ პირთა ნაწილში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

ვრცლად:

ბრძოლა კიევისთვის – მე-3 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი