საზოგადოება

უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სტინგერებს მივაწვდით — შოლცი

26 თებერვალი, 2022 • 2077
უკრაინას  ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სტინგერებს მივაწვდით — შოლცი

გერმანიის კანცლერის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას იარაღს მიაწვდის.

“რუსეთის შეტევა გარდამტეხ მომენტს აღნიშნავს. ჩვენი მოვალეობაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას პუტინის დამპყრობელი არმიისგან თავის დასაცავად.

სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს ვაწვდით 1 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და “სტინგერის” 500 რაკეტას”, — წერს შოლცი ტვიტერზე.

ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში .

მანამდე, გერმანია მკაცრად მიჰყვებოდა პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ის არ აგზავნიდა იარაღს კონფლიქტის ზონებში და არც სხვა სახელმწიფოებს რთავდა ნებას, მესამე ქვეყნებისათვის მიეწოდებინათ გერმანიაში დამზადებული იარაღი.

შოლცის ზემოხსენებულ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ ბერლინმა მწვანე შუქი აუნთო ნიდერლანდებს უკრაინისთვის გერმანული წარმოების ნაღმტყორცნების მისაწოდებლად.

მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

ვრცლად:

ბრძოლა კიევისთვის – მე-3 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი