ახალი ამბები

ბერლინი ესტონეთს არ აძლევს ნებართვას, უკრაინას გერმანული წარმოების იარაღი მიაწოდოს — WSJ

22 იანვარი, 2022 •
ბერლინი ესტონეთს არ აძლევს ნებართვას, უკრაინას გერმანული წარმოების იარაღი მიაწოდოს — WSJ

ბერლინი ესტონეთს უკრაინისათვის გერმანული წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვას არ აძლევს: ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა.

მიმდინარე კვირაში აშშ-მ ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

გერმანიამ, რომელიც იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში, აღნიშნულზე უარი თქვა და როგორც WSJ წერს, არც ნატოს წევრ ესტონეთს აძლევს ნებართვას, უკრაინას არტილერია გაუგზავნოს, ვინაიდან ის გერმანიაშია წარმოებული.

გამოცემა ციტირებს გერმანიის მთავრობის სპიკერს, რომელიც დასძენს, რომ დაძაბულობის კერებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით ბერლინის მიდგომები ხანგრძლივი პოლიტიკის შედეგია.

“იარაღის ექსპორტის მარეგულირებელი პრინციპი ყოველთვის ერთი და იგივეა — იქნება ეს პირდაპირ გერმანიიდან თუ მესამე ქვეყნებიდან — და ამ ეტაპზე არანაირი ნებართვა არ არის გაცემული… ამ ეტაპზე პროცესის შედეგის შეფასება შეუძლებელია”, — უთხრა სპიკერმა WSJ-ს.

ესტონეთის მთავრობის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ტალინი გერმანიის გადარწმუნებას კვლავ ცდილობს.

“იმედია, მივიღებთ თანხმობას გერმანიისგან… ესტონეთმა აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს დავეხმაროთ უკრაინას პრაქტიკული თვალსაზრისით ისე, როგორც შეგვიძლია”, — აღნიშნავს კრისტო ენ ვაგა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმდინარე კვირის დასაწყისში თქვა, რომ გერმანული იარაღის ექსპორტზე ბერლინის შემზღუდავ პოლიტიკას ისტორიული განზომილება აქვს. მან ამ ფორმით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის როლზე მიანიშნა.

მისმა უკრაინელმა კოლეგამ, დმიტრო კულებამ დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება.

WSJ-ს მიხედვით, უკრაინის ოფიციალური პირები, არსებული ვითარების ფონზე, ნებისმიერი იარაღის მიწოდების მნიშვნელოვნებას უსვამენ ხაზს.

მათი აზრით, ესტონეთის მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი ვერ შეცვლის დინამიკას ბრძოლის ველზე, თუმცა გერმანიის უარი მოსკოვმა შეიძლება წაიკითხოს, როგორც გაყოფის კიდევ ერთი ნიშანი დასავლეთის ქვეყნებს შორის.

რა ხდება?

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი