ახალი ამბები

ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიას რეკლამები აუკრძალა

26 თებერვალი, 2022 • 722
ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიას რეკლამები აუკრძალა

ფეისბუკმა (მეტამ) რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა.

ფეისბუკის უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნათანიელ გლაიკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანიის პოლიტიკით, კიდევ უფრო მეტ რუსულ სამთავრობო მედიასაშუალების ბმულზე იქნება მინიშნება გაკეთებული, რომ ესა თუ ის წყარო არის „მთავრობის მიერ დაფინანსებული“.

რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა შეიზღუდა.

რუსული მედიასაშუალება РИА Новости წერს, რომ Роскомнадзор-ის თანახმად, „25 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სოციალური ქსელი ფეისბუკი მიიჩნია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევად“.

გამოცემა ირწმუნება, წინა დღეს ფეისბუკმა „უმიზეზოდ დააწესა შეზღუდვები РИА Новости-ს“ გვერდზე.

Роскомнадзор კი ამტკიცებს, რომ ფეისბუკმა მოახდინა რუსული გამოცემების, Звезда-ს, Лента.ру-სა და Газета.ру-ს „ცენზურა“.

რუსული სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით. ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა „ომს“ და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც „სპეცოპერაციას“.


მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი